რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: დღეს სოხუმი და ცხინვალი თბილისიდან უფრო შორსაა, ვიდრე სააკაშვილის და შევარდნაძის დროს!

      «Please do not shoot the piano player. Нe is doing his best»

„ვინ აიღო ყალბი ნოტი?“ - გრიგორი აბრამიანის პოპულარული მოთხრობა ბავშვობაში ნამდვილად არ წაუკითხავთ ხელისუფალთ, რომლებიც უხეიროდ განკარგავენ ჩვენს ბედ-იღბალს...
2017 წლის 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების საგანგებო სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას. რატომ შეაფასეს სოხუმში ქართველი პრემიერის განცხადება ცინიზმად, თვალთმაქცობად და პოპულიზმად?
ყველაფერი ჰოლივუდის ბრალია! საქმე ის არის, რომ კვირიკაშვილის პიროვნების ჩამოყალიბება აშშ-ში ხდებოდა, სადაც მან განათლება მიიღო, მუშაობდა, სადაც მისი მეგობრები ცხოვრობენ. ამიტომ, როგორც ერთხელ თავად კვირიკაშვილი გამოტყდა აშშ-ის საელჩოში მიღების დროს, ამერიკა და ამერიკელები მისთვის როგორც მშობლიურები არიან!
მაგრამ აფხაზები - ამერიკელები არ არიან, მათ სხვა მენტალიტეტი აქვთ, ამიტომ ლამაზი პიარი ჰოლივუდის მელოდრამების ტრადიციებში მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. „ქართველებს არ შეუძლიათ ძალით ჩვენი დამარცხება, იმიტომ რომ აქ რუსეთის სამხედრო ბაზა დგას, ჰოდა, იძულებული არიან, კეთილებად მოიკატუნონ თავი - აქაოდა, თქვენს თვითმყოფადობას დავიცავთ, სანამ საბოლოოდ არ გათქვეფილხართ რუსებშიო! ქართველებმა საკუთარი, ქართული თვითმყოფადობაც კი ვერ დაიცვეს, რომელიც უკვე თითქმის მთლიანად აითქვიფა დასავლურში, მაშ, აფხაზურ ენას როგორღა დაიცავენ და განავითარებენ? თანაც ჩვენ გარეშე - აფხაზების გარეშე?!“ - სამართლიანად მიაჩნიათ სოხუმში.
საგულისხმოა, რომ თბილისში ხალხი, არსებითად, იმავეს ფიქრობს: „რატომ უნდა დავიცვათ და განვავითაროთ დღეს აფხაზური ენა, თანაც სახელმწიფო დონეზე, როცა აფხაზეთში ქართული კულტურის ყველანაირ კვალს ანადგურებენ, ეკლესიებში კედლებიდან ფრესკებს ფხეკენ და კრძალავენ ქართული ენის შესწავლას გალის რაიონშიც კი?! 100 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ დავიცავით ქართული ენა სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში, ვერ წავახალისეთ მისი შესწავლა ადგილობრივი სომხებისა და აზერბაიჯანელების მიერ, ამიტომ დღეს იქ, ისევე, როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ქართულ ლაპარაკს ვერ გაიგონებთ!“. 
მაშ ვინ აიღო ყალბი ნოტი?!
მლიქვნელობა მოსყიდვის მიზნით საძაგლობაა და მას ყველგან გმობენ, მითუმეტეს - კავკასიაში. უფრო პატიოსანი საქციელი იქნებოდა, გაგვეცხადებინა, რომ ჩვენ აუცილებლად, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს, დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საკუთარი ხელით აშენებულ სახლებში, მუხლს მოვიდრეკთ წინაპართა საფლავებთან და შურს ვიძიებთ ჟიული შარტავას და გიგა ოთხოზორიას მკვლელებზე (თუკი ისინი იმ დროისათვის ჯერ კიდევ ცოცხლები იქნებიან). აი, ეს იქნებოდა ვაჟკაცური, აი, ეს იქნებოდა აფხაზებისთვის უკეთ გასაგები, ვიდრე კავკასიელთათვის შეუფერებელი მთელი ეს „განაზება“!
და კიდევ, ძალიან სირცხვილია, როცა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ხელმძღვანელები აფხაზებსა და ოსებს „ჩვენს ძმებს“ უწოდებენ. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2013 წელს, თავის ინტერვიუში ამბობდა აფხაზეთის ცნობილი მკვიდრი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი ალექსანდრე ჭაჭია:
„საქართველოში როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია უძლურია, რომ თუნდაც წამოიწყონ მათი აზრით უიმედო აფხაზური და სახრეთოსური პრობლემების მოგვარება, ამიტომაც საგნობრივად მათ არ ეხებიან და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით ცდილობენ თავის დაღწევას... თუთიყუშებივით იმეორებენ სულელურ სენტენციას: „ჩვენს ძმებთან - აფხაზებთან და ოსებთან ერთად ავაშენებთ აყვავებულ საქართველოს!“. 
რომელმა აფხაზმა გიწოდა შენ ძმა?! რომელი ოსი დათანხმდა შენთან ერთად ქვეყნის შენებას?! გაიხსენეთ სააკაშვილის მმართველობის პირველი წლები - ისიც ძმობაზე ლაქლაქებდა და თან „გამარჯობა, აფხაზეთო ჩემო!“-ს მსგავს სამარცხვინო კლიპებს უკვეთავდა, სადაც დაქირავებული მომღერლები ყველას ეპატიჟებოდნენ აფხაზეთში, რომელიც მათ „ელოდა“! 
არავის სჭირდება ძმობის ფიცი, ეს არავის სჯერა, ეს არაფერს გვაძლევს, საკუთარი ღირსების დამცირების გარდა! საჭიროა პრაგმატული, ნდობით აღსავსე დიალოგი რუსეთის დაინტერესებული მონაწილეობით. მაგრამ ახალ ხელისუფლებას ამგვარი დიალოგის დაწყების არც სურვილი აქვს და არც საშუალება, ისევე, როგორც არ ჰქონდათ არც სააკაშვილს, არც შევარდნაძეს!“
აი, უძველესი ისტორიის მქონე ზღაპრული კუთხის, ლეო ბოკერიასა და ვიტალი დარასელიას სამშობლოს - ოჩამჩირის მკვიდრი ქართველის სიტყვები! აი, სიტყვები ქართველისა, რომელიც აფხაზებთან ერთად იზრდებოდა და დიდი მწუხარება განიცადა, როცა აფხაზეთში მეგობრები, სახლი, მშობლების საფლავები და საკუთარი გული დატოვა...
მართლმადიდებელ აფხაზებსა და ოსებს ქრისტესმიერი ძმები და დები შეუძლია უწოდოს მხოლოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, იმიტომ რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ არიან. და კიდევ იმიტომ, რომ ილია მეორე 10 წლის განმავლობაში - 1967-დან 1977 წლამდე - სოხუმისა და აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი იყო. 
ცხადია, ილია მეორე და ალექსანდრე ჭაჭია უკეთ ერკვევიან ქართულ-აფხაზურ თემატიკაში, ვიდრე ქვეყნის მბრძანებლები, რომლებსაც თანამდებობით ევალებათ, ყური დაუგდონ კომპეტენტური და ბრძენი ადამიანების აზრებს!
ყველა დანარჩენ ინსინუაციას - „ჩვენი ძმები“, „აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების პროგრამა“, „აფხაზებისა და ოსებისათვის ეკონომიკურად მიმზიდველი საქართველო“ და „ფანჯარა ევროპაში აფხაზებისა და ოსებისათვის“ - შესაძლოა, აზრი ჰქონდეს მხოლოდ აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთნდობის აღდგენის პირობებში. ხოლო ჩივილი გაეროში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ეუთოში და ნატოში - საუკეთესო მეთოდი როდი გახლავთ „ძმებს“ შორის ურთიერთნდობის მისაღწევად, ესეც იგივე ჰოლივუდური კინოსცენარია - „აგვისტოს 5 დღის“ მსგავსი.
სხვათა შორის, ვინმემ იცის, სად, რომელ არქივში იმტვერება დღეს რენი ჰარლინის 20 მილიონ დოლარად ღირებული ის ყალბი „კინოშედევრი“ ენდი გარსია/მიხეილ სააკაშვილით მთავარ როლში? ალბათ, სადმე, ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების უსარგებლო რეზოლუციებთან და „აღშფოთებულ“ განცხადებებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად...
მაგრამ ყველა ამ ყალბი ნოტის შედეგად დღეს სოხუმი და ცხინვალი ისევე შორს არიან თბილისისაგან, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში, შევარდნაძის და სააკაშვილის დროს. ანდა კიდევ უფრო შორს, იმიტომ რომ ის ტრაგიკული მოვლენები კიდევ შეიძლებოდა, საქართველოს მეორე და მესამე პრეზიდენტების არაადეკვატურობისათვის მიგვეწერა!
და მადლობა ღმერთს, რომ ერთმანეთს ტექტონურმა ძვრებმა კი არ დაგვაშორეს, არამედ მედროვე პოლიტიკოსების თავებში არსებულმა რღვევის ხაზებმა! პოლიტიკოსებისა, რომლებსაც შეუთავსებელის შეთავსების მცდელობისას ნატოში შესვლაც სურთ და რუსეთთან მეგობრობაც! თუმცა დღეს საქართველოში ნებისმიერი მზარეული გეტყვით, რომ დასავლეთისკენ და სოხუმისა და ცხინვალისკენ ორი ურთიერთსაპირისპირო გზა მიდის. მოსახლეობის 90% შეკითხვაზე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ უკეთეს შემთხვევაში სახეში შემოგცინებთ, ან შორს, „ნატოშიც“ გაგაგზავნოთ... 
ხელისუფალთ კი არ სურთ ამის სახალხოდ აღიარება, მაგალითად, პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომელიც ეშმაკობს - აქაოდა, საქართველო რუსეთის საწინააღმდეგოდ კი არ მეგობრობს ნატოსთან, პირიქით - სტაბილური მეზობელი ალიანსის შემადგენლობაში რუსეთის ინტერესებშიაო.
ესეც თქვენ კიდევ ერთი ყალბი ნოტი! აშშ-მა და ნატომ, რომელიც თავის საზღვრებს აფართოებს, ოფიციალურად გამოაცხადეს რუსეთი №1 პოტენციურ მოწინააღმდეგედ, მათ შორის, კავკასიასა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში აშშ-ის ნაციონალური ინტერესებისთვის მთავარ საფრთხედ, რაც მრავალი გზის დოკუმენტალურად დაფიქსირებულია. რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კი ვაშინგტონი ერთ-ერთ საკვანძო როლს საქართველოს ანიჭებს (ლოგისტიკა, ბათუმის, ფოთის და ანაკლიის პორტები, ნატოსთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრები, სამხედრო ბაზები და შეიარაღებული ძალები). ამიტომ ნატოს ყოფნა საქართველოში რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ემუქრება, აქედან გამომდინარე, საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებსაც, რაც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს - მოფილოსოფოსო პრეზიდენტ მარგველაშვილს „არ ესმის“ და ნოტებს უღმერთოდ აყალბებს! მაგრამ, როგორც ველური დასავლეთის და ამერიკის ათვისების დროინდელ კოვბოურ სალუნებში წარწერები იუწყებოდა - „გეთაყვა, ნუ ესვრით ტაპიორს - ის ცდილობს, როგორც შეუძლია“ (Please do not shoot the piano player. Нe is doing his best)...

 

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 7 ნოემბერი
საქართველო, თბილისი