პოლიტიკა
საქართველო საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა და ამ პოტენციალის სრულმასშტაბიანი განვითარება სურს - ილია ელოშვილი

      საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი თურქმენეთის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ მაკსატ ბაბაევმა გახსნა და თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგულ ბერდი მუჰამედოვის სპეციალური მიმართვა წაიკითხა.
კონფერენციაზე განიხილება რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია თურქმენეთთან სამომავლო ურთიერთობის განმტკიცებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის.
კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობენ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩი, ენერგეტიკული ქარტიის გენერალური მდივანი ურბან რუსნაკი და რეგიონის ქვეყნების უმაღლესი დონის დელეგაციები. საქართველოდან კონფერენციას ესწრებიან საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ირაკლი ბენდელიანი და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილი.
დღეს, როდესაც გარემოებები სწრაფად იცვლება, ფაქტია, რომ ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე წვდომაში მიმწოდებლებს შორის კონკურენციაა. საქართველო საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა და ამ პოტენციალის სრულმასშტაბიანი განვითარება სურს. აღნიშნული მიზნით დაგეგმილი ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტები, განსაკუთრებით კი "თეთრი ნაკადი", მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თურქმენეთის ენერგეტიკულ რესურსებზე და მასთან დამაკავშირებელ ტრანსკასპიური ინფრასტრუტურის განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, საქართველო გამოხატავს პოლიტიკურ მხარდაჭერას "ტრანსკასპიური მილსადენის" განხორციელების მიმართ და აქტიურად მონაწილეობს "აშხაბადის დეკლარაციის" ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში, - განაცხადა ილია ელოშვილმა.