პოლიტიკა
იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე

      საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. 2017 წლის 30 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ქ. პარიზში ტარდება გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალური კონფერენციის 39–ე სესია, რომლის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით.
ზოგადი პოლიტიკური დებატების (General Policy Debates) ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა გენერალური კონფერენციის მონაწილეებს და აქცენტი გააკეთა საქართველოსა და UNESCO-ს 25-წლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე. სიტყვით გამოსვლისას ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემატიკაზე და კვლავ დააფიქსირა ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობა კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საქმეში.