უცხოეთი
Paradise Papers - დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოფშორებში დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი განათავსა

      საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოფშორებში დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი განათავსა. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმის Paradise Papers-ის დოკუმენტებში.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 2004-2005 წლებში 13 მილიონი აშშ დოლარი ჩადებული იყო კაიმანისა და ბერმუდის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ფონდებში. საუბარია იმ თანხაზე, რომელიც ელისაბედ მეორემ მის კუთვნილებაში მყოფი ლანკასტერის საჰერცოგოდან მიიღო, რომელიც საერთო ჯამში 645 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
როგორც „ბი-ბი-სი“ აღნიშნავს, ამ ოპერაციებში არაკანონიერი არაფერია და არ არსებობს იმის ვარაუდი, რომ დედოფალი გადასახადებს არ იხდის.
„ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია ჩვენი კონსულტანტების რეკომენდაციებს ეფუძნება. საჰერცოგომ თანხები მხოლოდ რეპუტაციის მქონე საინვესტიციო ფონდებში ჩადო“, - განაცხადა ლანკასტერის საჰერცოგოს ფინანსური სამსახურის დირექტორმა კრის ედკოკმა.
გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მა, რომელმაც თავის დროზე Panama Papers გაასაჯაროვა, ამჯერად 13,4 მილიონი დოკუმენტი მოიპოვა. ინფორმაცია გაზეთმა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს (ICIJ) გაუზიარა.
ფაილების უმრავლესობა, რომელიც ამჯერად Paradise Papers-ის სახელით გავრცელდა, უკავშირდება იურიდიულ ფირმას და კორპორატიული სერვისის პროვაიდერს, რომლებიც Appleby-ის სახელით ოპერირებდნენ.
დოკუმენტების თანახმად, Appleby-ის მონაცემები 25 ათას ოფშორულ კომპანიას შეიცავს. ასევე ირკვევა, რომ ოფშორებით სარგებლობენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან Apple და Facebook. დოკუმენტებში ასევე ფიგურირებს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე.
ჟურნალისტურ გამოძიებაზე 67 ქვეყნის 381 ჟურნალისტი და 100-ზე მეტი მედია ორგანიზაცია მუშაობდა.

bpn.ge