საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცედურა დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას საქმეში, რომელიც უკრაინაში ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს, ახალი დეტალები ჩნდება — მას ოთხი ყალბი პასპორტი უპოვეს.
„დაკავებულს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის – ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, თუმცა, თავისი ფოტოთი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა", — ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ ქარდავას 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მეგის ქარდავა სამხედრო პოლიციას მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელმძღვანელობდა.