გასულ პარასკევს ბათუმის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მე-2 ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საფლაგმანო ხომალდი „REGELE FERDINAND”, ნატო-ს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი და ნატოს სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 2 ხომალდი შევიდა.
ვიზიტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ბულგარეთის საელჩო მასპინძლობენ.
დელეგაციას ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი ხელმძღვანელობს.
ვიცე-ადმირალს საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდება.
დელეგაციის წევრები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი მოინახულეს.
გაიმართა პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღეს: საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი; საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე როსარია პუგლისი და ნატო-ს ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების შენაერთის მეთაური ჯასთინ ჰეინისი.
ნატო-ს მუდმივმოქმედი მე-2 ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში დღევანდელი დღემდე, 6 ნოემბრამდე, დარჩნენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ, სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.
ნატო-ს მუდმივმოქმედი მე-2 ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია - საქართველო ერთ-ერთია იმ 5 ქვეყანას შორის, რომელსაც ნატო, პარტნიორობის ურთიერთთავსობადობის ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების გაძლიერებულ
შესაძლებლობებს სთავაზობს.
SNMCMG2 ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია „ზღვის მცველის“ მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის, ასევე, წარმოადგენს ნატო-ს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. 2014 წლიდან ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.