პუბლიკაციები
გიორგი კვირიკაშვილი: “საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად”

      საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადებისა და სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასა და სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე ისაუბრა.
„ამჟამად საქართველოს მთავრობა ახორციელებს რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას. ჩვენ, როგორც განვითარების გზაზე მყოფი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, რომელიც ისწრაფვის შემდგომი დივერსიფიკაციისა და ცოდნაზე დაფუძნებული წინსვლისკენ, ეს გეგმა მოგვცემს მნიშვნელოვანი ხარისხობრივი პროგრესის მიღწევის საშუალებას.
ჩვენი გეგმის პრიორიტეტებია ზრდაზე ორიენტირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა, ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ გამიზნული განათლების სისტემა, სივრცითი მოწყობა და ეფექტიანი მმართველობა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში. ქვეყანაში მოქმედებს მიმზიდველი და ბიზნესისთვის ხელსაყრელი მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა:
მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის“ თანახმად, რომლის ახალი მაჩვენებლები სულ რაღაც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო მე-9 ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. გასულ წელთან შედარებით, ჩვენი რეიტინგი შვიდი პუნქტით გაუმჯობესდა. Frazer Institute-ის გლობალური ეკონომიკური თავისუფლების ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მე-8 ადგილზეა მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის.
გადასახადების სიმსუბუქის თვალსაზრისით, საქართველო უკვე არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში - მე-8 ადგილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის გადასახადების ჯამური ინდიკატორის თანახმად. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას. განვითარებასა და ახალი სამუშაოების შექმნაში ინვესტირების წახალისების მიზნით, ჩვენ ბიზნესებისთვის გავაუქმეთ მოგების გადასახადი გაუნაწილებელ დივიდენდებზე - ისევ და ისევ, ამ კუთხით, ჩვენ ესტონეთის მაგალითი გავიზიარეთ.
გასული ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ბიზნესისათვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების თვალსაზრისით, როგორებიცაა: კორუფციის აღქმის ინდექსი - 38 პოზიციით; საკუთრების უფლების დაცვის მონაცემებით - 74 პოზიციით; სასამართლოს მიუკერძოებლობის თვალსაზრისით - 39 პოზიციით; საბაზრო დომინირების მაჩვენებლის კუთხით - 45 ადგილით; ინვესტიციების საგადასახადო წახალისების ეფექტის თვალსაზრისით - ჩვენი პოზიციები 21 ადგილით გაუმჯობესდა; ხოლო მაკროეკონომიკური გარემოს თვალსაზრისით - 89 ადგილით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო უცხოელ მეწარმეებს სთავაზობს კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გასაფართოებლად და რეგიონში გასავრცობად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს გარდა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ასევე წარმოადგენს საქართველოს უპირატესობას კონკურენტუნარიანობის კუთხით. ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადებისა და სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად.
უცხოელ მეწარმეებს ჩვენ ვთავაზობთ კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გასაფართოებლად და რეგიონში გასავრცობად, რაც შეამცირებს მათ საოპერაციო ხარჯებს. საქართველო ასევე სთავაზობს გასასვლელს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალურ აზიაშიც და შემდეგ ორი მილიარდი მომხმარებლის მქონე აღმოსავლეთის ბაზრებზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით და ნორმატიულ წვდომას თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების წყალობით. საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან. ჩვენ ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან და პრეფერენციული რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასა და იაპონიასთან. გარდა ამისა, წელს ჩვენ ვგეგმავთ მოლაპარაკებების დაწყებას ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვავითარებთ ევროპისა და აზიის მაკავშირებელ სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს, მათ შორის ახალ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც განლაგებულია ჩინეთიდან ევროპისკენ უმოკლესი მარშრუტის გაყოლებაზე და რომელიც იქცევა აბრეშუმის გზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კარიბჭედ. გარდა ამისა, ამ პროექტის კვალდაკვალ შენდება საგზაო, სარკინიგზო, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სხვა სახის ინფრასტრუქტურა.
ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტის ფარგლებში ორი დღის წინ ჩვენ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან და ყაზახეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელსაც უკვე მოიხსენებენ, როგორც შუა დერეფანს ჩინეთი-ევროკავშირის სატრანსპორტო რუკაზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2015 წელს ესტონური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში ექვსჯერ, ხოლო 2016 წელს 52%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, 2017 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველო-ესტონეთის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა თითქმის 6%-ით.
„მართალია, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მოცულობა მცირეა, მაგრამ დინამიკა ნამდვილად იმედისმომცემია და არსებობს ზრდის საკმარისზე მეტი შესაძლებლობა.
გამოვთქვამ იმედს, რომ დღევანდელი ფორუმი იქცა განსაკუთრებულ პლატფორმად საქართველოში არსებული ახალი შესაძლებლობების შესასწავლად და ახალი ბიზნეს ინიციატივების წამოსაწყებად. ჩვენი მთავრობა მზად არის ჩვენს ქვეყანაში ესტონური ინვესტიციების გაზრდისთვის ყველა აუცილებელი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მე გულწრფელად მწამს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტრადიციული მეგობრობის გაღრმავებას და მტკიცე ეკონომიკური პარტნიორობის შექმნას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალულაიდს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და განვითარების დღის წესრიგის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.