უცხოეთი
ტერაქტი აშშ-ში - ტრამპმა მიგრანტთა შემოწმების პროცედურის გამკაცრების ბრძანება გასცა

      საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების დეპარტამენტს მიგრანტთა შემოწმების პროცედურის გამკაცრება დაავალა.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია. ქუჩაზე, სადაც ტერაქტი მოხდა, სამართალდამცველები არიან მობილიზებული. გამოძიებამ უკვე დაადგინა თავდამსხმელის ვინაობა. 29 წლის მამაკაცი, რომელმაც დაქირავებული მანქანა გამვლელებს შეაჯახა უზბეკი ემიგრანტი საიფულო საიპოვია. ის 2010 წელს ჩავიდა შეერთებულ შტატებში და ფლორიდაში, ქალაქ ტამპაში ლეგალურად ცხოვრობდა.
ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადება მალევე გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" ქსელში თავდამსხმელს "ფსიქიკურად ავადმყოფი" უწოდა, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ქვეყანაში დაბრუნება დაუშვებელია.
დონალდ ტრამპმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. „ღმერთი და ქვეყანა თქვენს გვერდითაა“-განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.  ტრამპის თქმით, არ უნდა იყოს დაშვებული „ისლამური სახელმწიფოს“ დაბრუნება მათი დამარცხების შემდეგ.
პრეზიდენტის კიდევ ერთი განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულ მხარდაჭერას გაუწვეს ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტს. აშშ-ს პრეზიდენტმა სამაშველო სამსახურებს მადლობა გადაუხადა. გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ.
შეგახსენებთ, რომ ჰელოუინის დღე ნიუ-იორკში ტერაქტით დასრულდა. მანჰეტენზე უზბეკმა ემიგრანტმა ISIS-ის სახელით ხალხმრავალ ქუჩაზე ხალხი მანქანით გაიტანა. დაიღუპა 8 ადამიანი. თავდამსხმელი პოლიციელებმა დაჭრეს და ის დაკავებულია. ტერაქტი 11 სექტემბრის სექტემბრის მემორიალიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მოხდა.

rustavi2.ge