საზოგადოება
WikiLeaks-მა კლინტონის წერილები რუსეთისგან კი არა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღო! - რით დამთავრდა სპექტაკლი რუსეთის „ხელზე“ ამერიკულ არჩევნებში

      საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. WikiLeaks-ის დამაარსებელმა ჯულიან ასანჟმა გაამხილა, საიდან მოხვდა ორგანიზაციის განკარგულებაში 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტობის ექსკანდიდატ ჰილარი კლინტონის მიმოწერა. „კლინტონის ასობით წერილი, რომლებიც WikiLeaks-მა გამოაქვეყნა, მიღებული გვქონდა არა ჰაკერული შეტევის შედეგად, არამედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან, 2016 წლის 3 მარტის კანონის შესაბამისად ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“, - დაწერა ასანჟმა თავის „ტვიტერზე“.
ამით ასანჟმა უპასუხა ბრალდებებს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი მრჩეველის ჯორჯ პაპადოპულოს წინააღმდეგ, რომელმაც გამოძიების ფედერალურ ბიუროს ცრუ ჩვენება მისცა - თითქოს მავანმა უცხოელმა უამბო, რომ რუსეთს „ათასობით ელექტრონული წერილი აქვს კლინტონზე კომპრომატით“.
პროგრამა „პოზნერთან“ ინტერვიუში ასანჟმა, აგრეთვე, განმარტა, რომ WikiLeaks-ის მიზანი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ზიანის მიყენება არ ყოფილა, ხოლო ტრამპზე კომპრომატს მხოლოდ იმიტომ არ აქვეყნებდა, რომ მისი მოძიება არ მოხერხდა. ამასთან, ასანჟი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს „თავისი საიდუმლოებები აქვს“. „მაგრამ ის ელექტრონულ ფოსტას არ იყენებს და მანამდე მთავრობაში არ ყოფილა“, - დასძინა WikiLeaks-ის დამაარსებელმა.