აქტუალური
2018 წლის მესამე კვარტალიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება

      საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს, კერძოდ - თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს - თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს - ისინი შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით გააკეთებენ, სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს. საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი.