აქტუალური
„რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამორიცხავს“ - გრიგორი კარასინი

      საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამოვრიცხავთ, თუმცა, ეს ჯერჯერობით რთულია,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
არ გამოვრიცხავთ პერსპექტივაში ორმხრივ საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღებას. სხვა საქმეა, რომ ამისკენ სვლა ჯერჯერობით რთულია. ამას ხელს დიპლომატიური ურთიერთობის არქონა უშლის, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ინიციატივით გაწყდა“, - აღნიშნა კარასინმა.
გრიგორი კარასინმა განაცხადა ისიც, რომ რუსეთმა კონკრეტული შეთავაზებები გადასცა საქართველოს ავიაეკიპაჟის წევრებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ.
კარასინის თქმით, ამ საკითხზე თბილისის პოზიცია მისთვის ჯერ უცნობია და იმედოვნებს, რომ ავიაეკიპაჟის წევრებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე ნოემბერში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურა აბაშიძესთან შეხვედრისას იმსჯელებს.
ზურაბ აბაშიძემ, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ პრაღაში, სავარაუდოდ, 15-16 ნოემბერს, მხარეები სავიზო საკითხზე იმსჯელებენ, ავიაეკიპაჟებთან დაკავშირებით რუსეთის შემოთავაზების ჩათვლით.
„ნებისმიერ შემთხვევაში, მოსკოვი და თბილისი უთანხმოების აღმოფხვრისა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების კურსს აგრძელებენ. დიპლომატიური ურთიერთობის არქონის პირობებშიც კი ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთისთვის არ იხურება და რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად გზებს ეძებს“, - ასკვნის „იზვესტია“.