პოლიტიკა
პრეზიდენტის სამხედრო სიფხიზლე განდგომილი „ნაციონალების“ წინააღმდეგ

jariსაქინფორმის ინფორმაციით, მმართველ გუნდში სერიოზული განხეთქილებაა. როგორც სააგენტოს წყარო იუწყება, უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, ქვეყნის საჯარისო ნაწილები მობილიზებულია და სამხედროებს ოჯახის წევრებთან სატელეფონო კონტაქტიც კი აკრძალული აქვთ. წყაროს მტკიცებით, პრეზიდენტი სერიოზული შიდა არეულობის მოლოდინშია, რის გამოც არც ერთ ჯარისკაცს სამუშაო დღეების შემდეგ სახლში არ უშვებს და სრულ მზადყოფნაში ჰყავს, რადგან დაპირისპირებული ფრთისგან დარტყმას ყოველ წუთს ელის.

სააგენტოს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ამ დაპირისპირების გამო მიმდინარე წლის გაზაფხულზე სერიოზული არეულობა დაიწყოს, თუმცა პრეზიდენტი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს და ჯარს წინდაწინ ამზადებს.

ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ მათთან, დაახლოებით ორი კვირაა, არანაირი კონტაქტი არ აქვთ და არც ის იციან, ეს მდგომარეობა რამდენხანს გასტანს.

საქინფორმი თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს – სალომე მახარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განუმარტა, რომ „ქვეყანაში არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის“.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე კი აცხადებს, რომ სამხედროების ინფორმაციის დონე საკმაოდ მაღალია და, თუ რაიმე სერიოზული ინფორმაცია ვრცელდება, პირველ რიგში, ამას ჯარში იგებენ.

„ყაზარმული მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადებული არ არის. გავიგე, რომ გარკვეული ღონისძიებები ჯარში გატარდა. კერძოდ, მობილური ტელეფონების მოხმარება აიკრძალა, თუმცა სხვა რაიმე სერიოზულ ინფორმაციას არ ვფლობ. სამწუხაროდ, ტრადიციად დამკვიდრდა, როცა ხელისუფლების პირველი პირები ზეპირი განკარგულების საფუძველზე აცხადებენ ყაზარმულ მდგომარეობას, რაც, შესაძლოა, არც ამ შემთხვევაში იყოს გამორიცხული, თუმცა ეს ყოვლად დაუშვებელია და ზოგჯერ გადატრიალების მცდელობადაც შეიძლება ჩაითვალოს“, – განაცხადა თავდგირიძემ.