რედაქტორისგან
„სი-თი პარკი“ სახელმწიფო უსაფრთხოებას ემუქრება და ქართველებში ებრაელების მიმართ სიძულვილს თესავს! - “საქინფორმის” მთავარი რედაქტორის ღია წერილი თბილისის მერს კახი კალაძეს

      ბატონო კახი!
არ მინდა, რომ სააკაშვილი - უგულავას მემკვიდრეობა მძიმე ტვირთად ატაროთ, როგორც თქვენმა წინამორბედმა დავით ნარმანიამ. ლაპარაკია შპს „სი-თი პარკის“ (C.T.Park) უკანონო საქმიანობაზე, რომელიც აგერ უკვე 10 წელია, თბილისელებისთვის ნერვული სტრესების წყაროა, რაც ბევრად უფრო სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე გამონაბოლქვი.
არ მოვყვები მოსახლეობის და ექსპერტების უამრავი პრეტენზიის ჩამოთვლას „სი-თი პარკის“ მიმართ, მოვიყვან მხოლოდ ფაქტებს და ფაქტებზე დამყარებულ გონივრულ ეჭვებს მისი ფინანსური მაქინაციებისა და თბილისის მერიასთან კორუფციული გარიგებების შესახებ.
შპს „სი-თი პარკი“ დააფუძნა ისრაელის კონსორციუმმა - შპს „ამაგონმა“ და შპს „შოპარ პარკინგ სერვისმა“, რომელმაც 2007 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და დედაქალაქში ავტოპარკინგის მენეჯმენტის მონოპოლისტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ უფლებისთვის კიდევ ექვსი კომპანია იბრძოდა, მაგრამ ისრაელის კონსორციუმმა გაიმარჯვა - თითქოსდა იმის გამო, რომ ქალაქის ბიუჯეტში მოგებიდან ყველაზე დიდი პროცენტის - 60% გადახდას ჰპირდებოდა. სინამდვილეში კი თაღლითობას ჰქონდა ადგილი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მფარველობით.
აი, რას იუწყებოდა 2015 წელს „რადიო თავისუფლების“ ერთ-ერთი საიტი „Эхо Кавказа“: „სამართლის დოქტორმა ავთანდილ კახნიაშვილმა გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მოუთხრო თაღლითური სქემის შესახებ, რომელიც თბილისის ყოფილმა ხელისუფლებამ გამოიყენა, როცა ქალაქში საპარკინგე ადგილების კონტროლზე პასუხისმგებელ კომპანიად „სი-თი პარკი“ დანიშნა. „უნებართვო ადგილას პარკირებისთვის მოქალაქეები 10 ლარს იხდიან, საიდანაც 6 ლარი ქალაქის ბიუჯეტში შედის. თუმცა თანხას, რომელსაც მოქალაქეები ჯარიმის სახით იხდიან ავტომობილის ევაკუაციისათვის (60 ლარი - ა.ხ.), „სი-თი-პარკი“ მთლიანად თავისთვის იტოვებს. ეს ყველაფერი თავიდანვე იყო დაგეგმილი. ამის შედეგად ბიუჯეტში მინიმალური თანხა შედის.
გარდა ამისა, ქალაქის ხელმძღვანელობამ ორჯერ გადაუვადა კომპანიას 10 წლით დიდი საბიუჯეტო დავალიანების გადახდა. პირველად 920 ათასი ლარის გადახდის გადავადების შესახებ განკარგულება გასცა თბილისის ყოფილმა ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა, მეორედ ეს ყოფილმა ვიცე-მერმა დავით ალავიძემ გააკეთა - მაშინ „სი-თი პარკს“ 1 მილიონი დოლარის გადახდა გადაუვადეს.
ეს აშკარად მიუთითებს ქალაქის ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მონაწილეობაზე თაღლითურ სქემებში, რადგან ნაციონალები არასდროს პატიობდნენ თუნდაც ერთი თეთრის ოდენობის ვალს და არასოდეს აძლევდნენ დამატებით თუნდაც ერთი დღის ვადას. სასამართლო ხელისუფლება კი ამ სქემის მონაწილეთა მხილებას ვერ ბედავს, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააკაშვილსა და უგულავას საკმაოდ გავლენიანი მეგობრები დარჩათ“.

ბატონო კახი!
მე არ ვიცი, რამდენად გაიზარდა მას შემდეგ „სი-თი პარკის“ დავალიანება სახელმწიფოს წინაშე - „სი-თი პარკთან“ დაკავშირებული ინფორმაციის დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია, თბილისის მერიასთან 2007 წელს დადებული ხელშეკრულებაც კი მხოლოდ 2014 წელს გახდა ხელმისაწვდომი. მაგრამ ესეც საკმარისია იმისთვის, რომ დავასკვნათ - „სი-თი პარკმა“, რომლის დირექტორები ისრაელის მოქალაქეები ნათან შორერი და დევიდ პილა არიან, ხელშეკრულების პირობები დაარღვია და თბილისის მერიის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დავით ალავიძე 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 48 მილიონ 930 ათას 822 ლარის გაფლანგვა-მითვისებისათვის დააპატიმრა. დაკითხვაზე დავით ალავიძემ აღიარა, რომ თბილისის ვიცე-მერად მუშაობისას, იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ბრძანებით, განკარგულება გასცა, დაემზადებინათ სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათები ცრუმაგიერი პირების სახელზე, რომელთა მეშვეობით არალეგალურად ფინანსდებოდა მაშინდელი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობა“.
ბატონო კახი!
არსებობს ინფორმაცია, რომ 2007 წელს ტენდერში ისრაელის კონსორციუმის „გამარჯვებას“ ლობირებას უწევდა საქართველოს იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, ისრაელისა და საქართველოს მოქალაქე დავით კეზერაშვილი - იარაღით მოვაჭრე, რომელიც უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებზე ყიდდა ქართული ჯარისთვის შეძენილ იარაღს, ხოლო 2008 წლის აგვისტოში, ამ იარაღის ჩამოსაწერად, მუხლებზე დაჩოქილი ევედრებოდა სააკაშვილს სამაჩაბლოში ომის დაწყებას!
მაფიოზი და რეკეტიორი კეზერაშვილი ოფშორულ კომპანიებში რიცხავდა ქართული არმიის სამხედრო წვრთნებისთვის განკუთვნილ მილიონობით დოლარს, ქონებას ართმევდა ბიზნესმენებს, უკანონოდ დაეპატრონა ტელეკომპანია „იმედს“ და ბენზინთან და სპირტთან მაქინაციებით ათობით მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა სახელმწიფოს. მაგრამ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა ის „პოლიტიკური მოტივით დევნილად“ აღიარეს და ქართულ მართლმსაჯულებას არ გადმოსცეს...
ჩემთვის უცნობია, სად მიდიოდა „სი-თი პარკის“ ქრთამები - „ნაცმოძრაობის“ დასაფინანსებლად, როგორც ეს საბანკო ბარათების და ვიცე-მერ ალავიძის ეპიზოდში იყო, თუ მხოლოდ სააკაშვილისა და კეზერაშვილის ჯიბეში. არის ინფორმაცია, რომ ამ უკანასკნელს „სი-თი პარკში“ წილი აქვს, რითაც სააკაშვილიც ხეირობს უკრაინაში ახალი „მაიდანის“ მოსაწყობად, და „ნაცმოძრაობაც“ საქართველოში, განსაკუთრებით - არჩევნების დროს.
ასევე შესამოწმებელია ინფორმაცია „სი-თი პარკსა“ და თბილისის მერიას, კერძოდ, მერიის ტრანსპორტის სამსახურს შორის საიდუმლო კორუფციული გარიგების თაობაზე.
2016 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ ლობირება გაუწია თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ომის ინვალიდებს ავტოსადგომებზე ინვალიდებისთვის განკუთვნილი უფასო ადგილებით სარგებლობის უფლება ჩამოერთვათ. შესაბამისად, მერიის ტრანსპორტის სამსახურმა მათი კუთვნილი ავტომობილებისთვის ინვალიდობის დამადასტურებელი სტიკერების გაცემა შეწყვიტა. გამონაკლისს წარმოადგენენ ინვალიდები ვიზუალურად შესამჩნევი „აშკარად გამოხატული ნიშნებით“ - ხელის/ხელების ან ფეხის/ფეხების უქონლობა, პარალიზება და ა.შ. მაგრამ ასეთი ინვალიდები, ჩვეულებრივ, ავტომობილებს არ მართავენ - ჩემი ინფორმაციით, „აშკარად გამოხატული ნიშნების“ მქონე სულ რაღაც 200 ინვალიდს აქვს პროთეზი და მართავს ავტომობილს. მიუხედავად ამისა, მერიის ტრანსპორტის სამსახურის ბიუროკრატები („პროგრამის ხელმძღვანელი“ - შტატგარეშე თანამშრომელი ვინმე ბექა არველაძე) ყველას „დაარბენინებენ“ ინვალიდობის დასამტკიცებელი ცნობების მოსატანად „შემდგომი განხილვისთვის“...
ანუ, გამოდის, რომ თბილისის საკრებულომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება - რომ ავტოსადგომებზე ინვალიდებისთვის უფასო ადგილების გათვალისწინება ამიერიდან საჭირო აღარ იყოს მერიის ტრანსპორტის სამსახურის მიერ აღიარებული „სტიკერებიანი“ ინვალიდების სიმცირის გამო! - მიიღო „სი-თი პარკის“ სასარგებლოდ.
მეტსაც გეტყვით - თავის ნებაზე მიშვებულ და ამით საბოლოოდ გათავხედებულ „სი-თი პარკს“ ბოლო ხანებში საჯარიმო სადგომზე გადაჰყავს ინვალიდების ავტომობილებიც კი, საქარე მინაზე მიკრული სტიკერის მიუხედავად! ვეტერანებს - ინვალიდებს, რომლებმაც სისხლი დაღვარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დღეს ამ ქართულ მიწაზე 2х1-ზე მეტი ადგილი, თურმე, არ ეკუთვნით, ისიც - მხოლოდ მუხათგვერდში! სამაგიეროდ, მათ უფლება აქვთ, თავიანთი მათხოვრული პენსიიდან ჯარიმები იხადონ, რომლებიც პირდაპირ „სი-თი პარკის“ ჯიბეში მიდის, რის შესახებაც სამართლის დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი ჯერ კიდევ 2015 წელს გვაფრთხილებდა! აღარაფერს ვამბობ უამრავ ყადაღაზე, რამელიც „სი-თი პარკის“ ჯარიმების გადაუხდელი საურავის მიზეზით დაედო, და არა მარტო არასწორი პარკირებისთვის, არამედ ყოველწლიური 50-ლარიანი გადასახადის გადაუხდელობისთვის - ხარკის, რომელიც „სი-თი პარკმა“ შეაწერა თბილისში მცხოვრები მილიონზე მეტი ავტომფლობელიდან თითოეულს! და ეს 50 ლარიც, ისევე, როგორც 60 ლარი და ჯარიმის გადაუხდელობის ჯარიმები, მთლიანად „სი-თი პარკს“ რჩება!
ასევე, აუცილებლად უნდა შემოწმდეს - ხომ არ არსებობს კორუფციული გარიგება „სი-თი პარკსა“ და სადაზღვევო კომპანია „აი-სი ჯგუფს“ (IC Group) შორის (გენერალური დირექტორი თენგიზ მეზურნიშვილი). საქმე ის არის, რომ როცა „სი-თი პარკი“ ჩვენს კერძო საკუთრებას ჯერ ქალაქის ქუჩებიდან იპარავს, მერე კი საჯარიმო მოედნებზე აპატიმრებს, ის მათ აზიანებს, მაგრამ ავტომობილის მფლობელებს ამას უმალავს. მხოლოდ თუ საჯარიმო მოედანზე მისულმა მფლობელმა ეს დაზიანებები შენიშნა და პოლიციის პატრული გამოიძახა, არის მცირე შანსი, რომ „სი-თი პარკმა“ თავისი დანაშაული აღიაროს და „აი-სი ჯგუფის“ წარმომადგენელი გამოიძახოს (შეკეთების საფასურს 50$-ის ჩათვლით „სი-თი პარკი“ იხდის, ამის ზემოთ თანხას კი ერთობლივად „აი-სი ჯგუფთან“).
სადაზღვევო კომპანია „აი-სი ჯგუფის“ ადგილზე მოსული წარმომადგენელი ავტომფლობელს დაზიანების უმაღლეს დონეზე შეფასებას და შეკეთებას, ან ავტომფლობელის სურვილისამებრ ფულად ანაზღაურებას ჰპირდება. „აი-სი ჯგუფის“ სადაზღვევო ოფიცერი და „სი-თი პარკის“ საჯარიმო მოედნის მენეჯერი ერთობლივად, პრაქტიკულად, პრესინგს ახორციელებენ სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ავტომფლობელზე, რათა მან სწრაფად მოაწეროს ხელი პატრულის მიერ შედგენილ ოქმს „სი-თი პარკის“ მიმართ პრეტენზიის უქონლობის თაობაზე და საპატრულო ეკიპაჟი მალევე წავიდეს. მას კი დაიმედებული ავტომფლობელიც მიჰყვეს, რა თქმა უნდა, 60-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ.
მორჩა, ხაფანგი დაიკეტა! მომავალში „აი-სი ჯგუფი“ ავტომობილის მფლობელს თუ დაუკავშირდა კიდევაც, მას საგანგებოდ შესთავაზებენ 50$-ზე ნაკლებ თანხას და, ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, „სი-თი პარკში“ გააგზავნიან ამ ფულის მოსათხოვნად. „სი-თი პარკის“ და „აი-სი ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან დაკავშირება და საჩივარზე პასუხის მიღება - ისეთივე ფანტასტიკაა, როგორიც სასამართლოში ჩივილი!

ბატონო კახი!
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო „სი-თი პარკის“ არანაკლებ სერიოზულ ქმედებებს, რომლებსაც აქამდე რატომღაც ყურადღება არ მიაქციეს არც მთავარმა პროკურატურამ, არც ომბუდსმენმა, არც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა, არც პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორმა, არც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, არც კამპანია „ეს შენ გეხება“-ს აქტივისტებმა, არც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“.
„სი-თი პარკი“ არღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, უხეშად ერევა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში და ავრცელებს მათ შესახებ ინფორმაციას. „სი-თი პარკის“ ინსპექტორი კერძო საკუთრებას (ავტომობილს) მფლობელის დაუსწრებლად ათვალიერებს და ფოტოებს უღებს. ამ დროს მას შეუძლია, გადაიღოს, მაგალითად, სალონში არსებული ნივთები ან დოკუმენტები და მომავალში ეს ფოტოები ან სულაც - ფოტომონტაჟი მფლობელის დასაშანტაჟებლად გამოიყენოს! ასევე, მას შეუძლია, შეგნებულად დააზიანოს ავტომობილი, ნარკოტიკი ან ნებისმიერი სხვა მაკომპრომეტირებელი ნივთი ჩაგვიდოს!
გარდა ამისა, „სი-თი პარკის“ ინტერნეტგვერდზე შესვლისას ნებისმიერ პირს შეუძლია ნახოს დაჯარიმებული მფლობელის ავტომობილის ფოტო და ტექსტი - სად და როდის, რა მისამართზე და რომელ საათზე იმყოფებოდა ეს ავტომანქანა (შესაბამისად, მისი მფლობელიც) მითითებული სახელმწიფო ნომრით, რისთვის იქნა დაჯარიმებული ან/და საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი. მსგავსი ინფორმაცია, შესაძლოა, წარმატებით გამოიყენოს დანაშაულებრივმა სამყარომ ან უცხოეთის სპეცსამსახურებმა, თუ ავტომფლობელის პიროვნება მათთვის ინტერესს წარმოადგენს!
ამას გარდა, ავტომანქანის ევაკუაცია უამრავი ადამიანის - ადგილობრივ მცხოვრებთა თუ გამვლელების - თვალწინ ხდება, რაც მფლობელს მორალურ ზიანს აყენებს და მის რეპუტაციას ლახავს, თუკი ის საზოგადოებისათვის ცნობილი სახეა, მაგალითად - ბიზნესმენი, მენეჯერი, სახელმწიფო მოხელე, საზოგადო მოღვაწე, კულტურის მუშაკი, ცნობილი სპორტსმენი ან პოლიტიკოსი. ხოლო თუ ჟურნალისტია, ამით „სი-თი პარკი“ ხელს უშლის მისი პროფესიული ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებას, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც მედიისა და სიტყვის თავისუფლების ხელყოფა!
ვინ მისცა ამდენი უფლება კერძო ორგანიზაციას - რიგით შპს-ს?!
ამასთანავე, არსებობს ინფორმაცია, რომ „სი-თი პარკი“ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ე.წ. „სტაიანშჩიკებს“ და ტაქსის მძღოლებს ინფორმატორებად იბირებს. იმის გარდა, რომ ამ ჩამშვებებმა ყველაფერი იციან ავტომფლობელებზე, რომლებიც მუდმივად სარგებლობენ ერთი და იგივე სადგომით, ისინი ატყობინებენ „სი-თი პარკს“, როცა სადმე ავტომანქანა „არასწორად“ დგას. შედეგად „სი-თი პარკის“ ზონდერები მოდიან და ავტომობილი სულ რამდენიმე წუთში საჯარიმო მოედანზე გადაჰყავთ.
ბატონო კახი!
დასასრულ მოგახსენებთ, რომ „სი-თი პარკი“ ქართველებში ებრაელების მიმართ სიძულვილს თესავს. თქვენთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ხალხების 26-საუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც ლეგენდად იქცა. მრავალეროვნულ ჭაღარა თბილისს, სადაც დღეს ისრაელის კომპანია „სი-თი პარკი“ ავაზაკობს, საუკუნეების მანძილზე ებრაელებიც ქმნიდნენ, ამიტომ ქართველი ებრაელი არასოდეს განუსხვავებიათ ქართველებისგან და დღეს, როგორც ჩანს, ვიღაცას ეს ძალიან არ მოსწონს...
შარშან თელ-ავივის აეროპორტში სამარცხვინო, ისრაელელთათვის შეუფერებელი ფაქტები მოხდა, როდესაც საქართველოდან ჩასულ ტურისტებს ტერორისტებივით ეპყრობოდნენ, პასპორტებს ართმევდნენ და მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს ერთ ოთახში კეტავდნენ წყლისა და საკვების გარეშე, ტუალეტში ჯგუფურად გაჰყავდათ დაცვის თანხლებით, მერე კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოში აბრუნებდნენ და ბილეთების საფასურსაც კი არ უნაზღაურებდნენ! ხოლო საქართველოში ქართველების ტერორს აგრძელებს ისრაელის კომპანია „სი-თი პარკი“ და ამაზე უკვე ლაპარაკობენ...
ბატონო კახი, თქვენ კარგად გესმით, რა საფრთხეს შეიცავს ეს! ვის აძლევს ხელს, საქართველოში არალეგალი არაბების თვითნებობიდან აქცენტი ისრაელელთა ლეგალური თვითნებობის თემაზე გადაიტანოს? ვის უნდა, რომ საპროტესტო აქციები „სი-თი პარკის“ ოფისთან, საქართველოში ისრაელის საელჩოსთან და თბილისის მერიასთან გაიმართოს, სადაც თქვენ ორ კვირაში სამუშაოდ შედიხართ?!
ამ ყველაფრის გათვალისწინებით გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს კომპლექსური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი გამოძიება, რადგანაც ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების მთელი სპექტრი პირდაპირ ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყების კომპეტენციაში შედის.
ბატონო თბილისის მერო!
გაათავისუფლეთ ჩვენი ქალაქი დანაშაულებრივი სინდიკატის „სი-თი პარკისგან“ და მასთან დაკავშირებული კორუმპირებული ბიუროკრატებისგან - მონსტრების კორპორაციისგან, რომელიც 10 წელია, თბილისელების კოშმარად იქცა!
ღრმა პატივისცემით,
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

             


2017 წლის 30 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი