სამართალი
ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს მამაკაცი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა - შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

      საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.