პოლიტიკა
ამას შესაბამისი უწყებებიდან რეაგირება მოჰყვება! - სუს-ი ბარსელონაში ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლობის გახსნაზე

      საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე კატალონიაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტსა და იქ წამომადგენლობის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრობს. 
"ჩვენ როგორც შემდგარ ფაქტს, ამას არ მივიღებთ, რადგან კატალონია არის ესპანეთის ნაწილი. ჩვენ სხვადასხვა დიპლომატიური არხების მეშვეობით ძალიან კარგი თანამშრომლობა და ურთიერთობა გვაქვს ესპანეთის ხელისუფლებასთან. ვაკვირდებით ასეთ ფაქტებს და, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი უწყებებიდან რეაგირება მოჰყვება", - განაცხადა ქემოკლიძემ.
ბარსელონაში ოკუპირებული .. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა. სამხრეთ ოსეთის .. საგარეო უწყების ინფორმაციით, 23 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი მოკლევადიანი ვიზიტით კატალონიაში იმყოფებოდა. დე ფაქტო საგარეო უწყების ცნობით, "დიმიტრი მედოევი კატალონიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა“. მედოევის თქმით, "კატალონიაში მიმდინარე პროცესები ინტერესს იწვევს სამხრეთ ოსეთში, ვინაიდან 26 წლის წინ სამხრეთ ოსეთის ხალხმა საბედისწერო პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა სახელმწიფოებრიობის მოპოვებისკენ“.