საზოგადოება
საპატიო დოქტორის წოდება - ირანელ რეჟისორს

behrouzდღეს, 31 იანვარს, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება ირანის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთავარ რეჟისორს – ბეჰროუზ გჰარიბპურს.

მას შესაბამის დიპლომს გადასცემს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პრესსამსახურში აცნობეს, ურთიერთთანამშრომლობის იდეა თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გაჩნდა, სადაც ბეჰროუზმა თავისი სპექტაკლი „როსტამი და ზოჰრაბი“ წარმოადგინა, რომლის დამდგმელი რეჟისორი, თოჯინების ავტორი და კოსტიუმების მხატვარიც თავადაა.

ამჯერად ირანელი რეჟისორი საქართველოს 5–დღიანი ვიზიტით სტუმრობს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვევით. ვიზიტის ფარგლებში, იგი დრამის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ყოველდღიურად 4–საათიან მასტერ–კლასს ატარებს.

ბატონი გჰარიბპური თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მეხუთე საპატიო დოქტორი იქნება რობერტ სტურუას, ნელე ფერტლინგის, სტივ ოლსენისა და ოთარ იოსელიანის შემდეგ.