პუბლიკაციები
რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს, ახალი ელჩები ეყოლება

      საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციაში, ესპანეთის სამეფოში, ნორვეგიაში, ბელარუსის რესპუბლიკაში, კატარში, არგენტინაში, ინდონეზიაში, ეთიოპიაში და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურები წარადგინა.
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატად წარდგენილია დავით ჯალაღანია. დავით ჯალაღანია 2008 წლიდან დღემდე გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. იგი არის კარიერული დიპლომატი და 2000 წლიდან იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 1996 - 2000 წლებში ის იკავებდა წამყვან პოზიციებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში, მათ შორის საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილის პოზიციას. 2005 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატად წარდგენილია ილია გიორგაძე. ის 2012 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 15 ივნისამდე იყო რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 2005 წლიდან ილია გიორგაძე იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2004 წელს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს უფროსად. 2001-2004 წლებში იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის სასამართლო რეფორმისა და ანტიკორუფციული პროგრამის დირექტორი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს პარლამენტის აპარატში. 2009 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატად წარდგენილია მაია ყიფშიძე. მაია ყიფშიძე 2012 წლიდან დღემდე გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორი. 2010 - 2012 წლებში მაია ყიფშიძე იყო ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მედია პროექტების საბჭოს წევრი. 2006 - 2011 წლებში ის იკავებდა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორის მოადგილის თანამდებობას. 1996 - 2006 წლებში ის მუშაობდა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
ბელარუსიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატად წარდგენილია ვალერი კვარაცხელია. ვალერი კვარაცხელია 2014 – 2017 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ. 2004 – 2014 წლებში საქმიანობდა კერძო სექტორში. 1999 – 2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატად წარდგენილია ნიკოლოზ რევაზიშვილი. 2009-2017 წლებში ის იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, 2017 წლის თებერვლიდან დღემდე გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი. 2004-2006 წლებში ის იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ნატო-სთან ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. 2006-2009 წლებში მუშაობდა ნატოს-თან საქართველოს მისიაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლად ნატო-ს შტაბ ბინაში. 2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატად წარდგენილია ირაკლი ყურაშვილი. 2012 წლის სექტემბრიდან 2017 წლის ოქტომბრამდე ის გახლდათ შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ირაკლი ყურაშვილი არის კარიერული დიპლომატი და 1995 წლიდან იკავებს სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 2016 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატად წარდგენილია ზურაბ დვალიშვილი. 2017 წლის 1 იანვრიდან ის გახლდათ ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 1994 წლიდან დღემდე იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროში. 1997-2001 წლებში მუშაობდა ეუთო-ს მისიაში.
ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატად წარდგენილია ირაკლი ასაშვილი. 2017 წლის სექტემბრამდე ის გახლდათ თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი) საქართველოს გენერალური კონსული. ირაკლი ასაშვილი 1999 წლიდან დღემდე იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 2012 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატად წარდგენილია ბექა დვალი. 2012 წლის სექტემბრიდან დღემდე არის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ბექა დვალი 2000 წლიდან საქმიანობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2016 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას აღნიშნული კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტისათვის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე. დღეს ელჩების კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.