საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს. „ამ პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ შევხვდე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომ უკვე მომზადებულები ვიყოთ, გავაცნოთ ყველა ეს პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი წინასაარჩევნოდ. ზოგადად, გეტყვით, რომ ძალიან დიდია ინტერესი და გვექნება შესაძლებლობა, მომდევნო წლების განმავლობაში მათთან თანამშრომლობით და მეგობრობით ეს პროექტები იქნეს განხორციელებული ჩვენი ქალაქისთვის. ასევე, ვაპირებთ სამინისტროებთან შეხვედრას, რადგან, როგორც გითხარით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, როდესაც ჩვენ უკვე მოგვეცემა შესაძლებლობა, შევიდეთ მერიაში და საკრებულოში, უკვე პირველივე დღიდან დავიწყებთ მუშაობას, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“, - აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატის თქმით, ამას გუნდურად მუშაობით და საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს. „მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენ გქონდათ ურთიერთობა მოსახლეობასთან. მინდა გაგრძელდეს ეს ურთიერთობები, კიდევ უფრო დეტალურად გამოვიტანოთ ეს პრობლემები, რომელიც თქვენს რაიონებში, კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ ქუჩებზე ან კონკრეტულ ოჯახებს აწუხებს, რომ, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა, მუშაობა დავიწყოთ, დრო არ დავკარგოთ და განვახორციელოთ კონკრეტული პროექტები და კონკრეტული ნაბიჯები იქნეს გადადგმული პრობლემების მოსაგვარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.