საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. „პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ბოიკოტირებას - პარტიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას ბორჯომში მერის არჩევნების მეორე ტურში“, - განაცხადა დეპუტატმა ადა მარშანიამ ტელეარხ "იმედის" ეთერში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა უარი ეთქვა ქუთაისისა და მარტვილის მერების არჩევნებში მონაწილეობაზე. შეუერთდებიან თუ არა ბოიკოტს ნინო ბურჯანაძის ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველო" და დამოუკიდებელი კანდიდატები, ამ ეტაპზე უცნობია. მერის არჩევნების მე-2 ტური გაიმართება ხაშურში, ყაზბეგში, ბორჯომში, ოზურგეთში. ყაზბეგში „ქართული ოცნების" მეტოქე იქნება ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი, ბორჯომში - „პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი", ხაშურსა და ოზურგეთში - დამოუკიდებელი კანდიდატები.
„ეს გადაწყვეტილება არის სერიოზული შეცდომა. თქვენ იცით, რომ „ევროპული საქართველოს პოზიცია" იყო და არის, რომ ჩვენ ვაპირებდით ნებისმიერი პროდასავლური კანდიდატის მხარდაჭერას მეორე ტურში… მთავარი საქმე, რაც დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა გავაკეთოთ, ესაა ბევრი ამომრჩევლის მოყვანა არჩევნებზე",- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
„„ნაციონალურ მოძრაობაში" იციან, რომ „ქართული ოცნება" უკონკურენტოა. „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილების საფუძველი რთული ამოსაცნობი არ არის. მათ თავიდანვე იციან, რონ მათი წარმატება გამორიცხულია, ისინი აზრს ვერ ხედავენ მიიღონ ბრძოლაში მონაწილეობა და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია", - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.