საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს — 2017 წლის სექტემბერში ამ ქვეყნიდან 40,7 მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც 2016 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე 16,6%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
სექტემბერში ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 32,8% რუსეთის წილზე მოდის.
ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობა სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24,2%-ით გაიზარდა და თითქმის 124,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მეორე ადგილზეა იტალია. სექტემბერში ამ ქვეყნიდან 13 მილიონ დოლარზე მეტი გადმორიცხეს, რაც 30,2%-ით მეტია 2016 წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით.
შემდეგ მოდიან საბერძნეთი — 13 მილიონ დოლარზე მეტი (+21%), აშშ — 12,6 მლნ დოლარამდე (+3,2%), ისრაელი — 11,6 მლნ დოლარი (+100%), თურქეთი — 9,5 მლნ დოლარზე მეტი (+28,6%).
2017 წლის პირველ ცხრა თვეში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვების მოცულობა 19,7%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით და დაახლოებით 872 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რუსეთიდან საქართველოში წლის დასაწყისიდან ფულადი გზავნილები 17,3%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში (დაახლოებით 283 აშშ დოლარი). 2017 წლის იანვარ–სექტემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ დაახლოებით 332 მლნ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში აშშ-დან გადმორიცხეს დაახლოებით 105 მლნ დოლარი, რაც 14,6%-ით მეტია გასული წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელზე. შემდეგ მოდის იტალია — დაახლოებით 102 მლნ დოლარი (+15%), საბერძნეთი — 100 მლნ დოლარზე მეტი (+8%), ისრაელი — 84,2 მლნ დოლარზე მეტი (+100%), თურქეთი — თითქმის 80 მლნ დოლარი (+29%).
უახლოეს სამ წელიწადში საქართველოში მსხვილი ინვესტიციებია დაგეგმილი
საქართველოდან სექტემბერში საზღვარგარეთ გადარიცხეს დაახლოებით 19 მლნ აშშ დოლარი, რაც დაახლოებით 24,2%-ით მეტია გასული წლის სექტემბრის მონაცემზე. მთლიანობაში, ცხრა თვეში საქართველოდან უცხოეთის ქვეყნებში გადაირიცხა 134,6 მილიონ დოლარზე მეტი, რაც 7,5%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ფულადი გზავნილების ზრდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტაბილიზაციას უწყობს ხელს.
„ქვეყნებს შორის, საიდანაც გადმოირიცხა ტრანზაქციები მყარ ვალუტაში, როგორც ეს ბოლო წლებშია, რუსეთი ლიდერობს, თუმცა იზრდება გადმორიცხვები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ეს მოცულობა უკვე უახლოვდება რუსეთიდან გადმორიცხვებს და დინამიკურად იზრდება", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" სიმონიშვილმა.
კერძოდ, რუსეთიდან სექტემბერში გადმოირიცხა 40,7 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან მთლიანობაში — 38,8 მლნ აშშ დოლარი.
„ანალიზის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ, როგორც ჩანს, რუსული ეკონომიკა, ისევე, როგორც ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა, ადაპტაციას ახდენს ახალ პირობებთან — პირობებთან, რომელშიც ისინი ორმხრივი ემბარგოს შემდეგ იმყოფებიან. რუსეთში, სავარაუდოდ, შეინიშნება იმ კომპანიების ზრდა, რომლებიც იმპორტს ანაცვლებენ — ეს რუსეთში სახელმწიფო პროგრამაა", — განაცხადა ექსპერტმა.
მეორე მხრივ, ევროპულმა ქვეყნებმა იპოვეს რაღაც სხვა ბაზრები, შიდა რეზერვები, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ამ ქვეყნებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა მეტი ფულადი სახსრების გადმორიცხვა შეძლონ. „საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხვები დამაჯერებელ ნაწილს შეადგენს ქვეყნის მყარი ვალუტის შემოსავლების — დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის, დოლარის, როგორც საგარეო ვაჭრობის გადახდის საშუალების, ამიტომ ამ გადმორიცხვების ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის", — განაცხადა სიმონიშვილმა.
Sputnik