პოლიტიკა
ქართველებს, რომლებიც მანამდე დასავლეთ ევროპას სტუმრობდნენ, ახლა კერძო თვითმფრინავებით ჩამოაქვთ ფული კიევში უმაღლეს რადასთან მიტინგის მონაწილეებისთვის! ეს ადამიანები იარაღს ყიდულობენ - უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო.

      საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ამის შესახებ რეგიონული განვითარების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომლის ტრანსლაცია ტელეარხ NewsOne-ზე მიმდინარეობდა.  
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიტინგის მონაწილეებს ფულს უხდიან, მაგრამ ყველას არა. ვისთან არის დაკავშირებული დაფინანსება? გამოძიებას უკვე აქვს საკმაო ინფორმაცია და თავის დროზე მე, გამომძიებლის ნებართვით, გაგაცნობთ ამ აქციების ფინანსური მხარდაჭერის მტკიცებულებებს. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ეს სახსრები უკრაინაში კერძო თვითმფრინავებით ჩამოჰქონდათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მანამდე დასავლეთ ევროპას სტუმრობდნენ“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.  
„ათასობით მოპროტესტეს შორის, რომლებიც პირველ დღეს შეიკრიბნენ, რათა საკუთარი თვალსაზრისი გამოეთქვათ უმაღლესი რადას მიმართ, არის ექსტრემისტების პატარა - 150-200 კაცამდე ჯგუფი, რომელიც თავაწყვეტილ პოპულიზმს ეწევა და ცდილობს, სახელმწიფოს თავს მოახვიოს თავისი მოთხოვნები, რომლებსაც რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.  
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს ადამიანები იარაღს ყიდულობენ, და ეროვნულმა პოლიციამ ექსტრემისტთა ამ პატარა ჯგუფის ორგანიზატორთა გარემოცვიდან ხალხი იარაღის შესყიდვისას დააკავა. თავად მიტინგის დღეს ჩვენ კიევის ცენტრში აღმოვაჩინეთ იარაღის შესანახი ორი წერტილი... მინდა, განვაცხადო, რომ, სამწუხაროდ, სააკაშვილმა ზღვარს გადააბიჯა. ის ტყუის, ის პროვოკაციებს აწყობს ხელისუფლების პირადად მიტაცების მიზნით“,
- აღნიშნა ლუცენკომ.