საზოგადოება
აფხაზეთში შობადობა ეცემა - რიტა ტრაპში

      საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზეთში შობადობა ეცემა, -   ამის შესახებ Sputnik-ის კორესპონდენტს რესპუბლიკური საავადმყოფოს პირველი სამშობიარო განყოფილების ხელმძღვანელი რიტა ტრაპში ესაუბრა. „2000 წლის შემდეგ ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ ყოფილა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი აბორტის აკრძალვის შესახებ შობადობის გაზრდაზე იყო გათვლილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. კანონმა არაფერი მოიტანა, იმის გარდა, რომ 2016 წელს ორი მშობიარე დაიღუპა“, - დასძინა მან.
აფხაზეთში 2017 წლის პირველ ცხრა თვეში 1 500-ზე ნაკლები ბავშვი დაიბადა, როდესაც 2016 წლის იმავე პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 2 000-ზე მეტი იყო.
კონკრეტულად რას უკავშირდება აფხაზეთში შობადობის დაცემა, ექიმი ვერ აზუსტებს და აღნიშნავს, რომ ორსული ქალების დიდი ნაწილი სამშობიაროდ რუსეთში მიემგზავრება, რადგან ორმაგი მოქალაქეობა დედის კაპიტალის გაფორმების უფლებას აძლევს. პარლამენტმა უნდა გადახედოს „ჯანდაცვის შესახებ“ კანონის შესწორებას აბორტის აკრძალვის შესახებ დედის სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით, - მიაჩნია მას.
აფხაზეთის პარლამენტმა „ჯანდაცვის შესახებ“ კანონის შესწორება 2016 წლის იანვარში მიიღო. 2016 წლის თებერვალში მას პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. კანონის მეორმოცე მუხლი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას კრძალავს, მას „დედობის წახალისება“ ჰქვია. ამ მუხლის მეხუთე პუნქტში წერია: „სახელმწიფო აღიარებს დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლის უფლებას ჩასახვის მომენტიდან და ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას კრძალავს“. დოკუმენტში ერთადერთი შენიშვნაა: აბორტი შესაძლებელია მხოლოდ ნაყოფის დაღუპვის შემთხვევაში.