უცხოეთი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

      საქართველო, 25 ოქტომბერი. საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში ბრიტანელ კოლეგას, სერ მაიკლ ფელონს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი, რაც  საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკის გაფართოებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. ლევან იზორიას განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მზადაა ქართველ პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა.  გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა საქართველოში ვიზიტის მზადყოფნა გამოთქვა.
როგორც ლევან იზორიამ განმარტა, გაერთიანებული სამეფო მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  (SNGP) ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში დღეს დასრულდება.
ლონდონში საქართველო - გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული დიალოგის - უორდროპის დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელიც საზეიმოდ გახსნეს საქართველოს ვიცეპრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გაერთიანებული სამეფოს ევროპისა დ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალან დანკანმა.

imedinews.ge