პოლიტიკა
"ქართული აკადემია" პრეზიდენტ სააკაშვილს უტიფრობასა და ცინიზმში ადანაშაულებს

qartuli_akademiaროგორც "ქართული აკადემიის" განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტისგან ტყუილები ადრეც ბევრჯერ მოუსმენიათ, მაგრამ ის, რაც 25 იანვარს “ტელეხიდის საშუალებით დადგმულ ფარსში” მოისმინეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

მათი თქმით, სააკაშვილის ზოგიერთი შოკისმომგვრელი გამონათქვამი მედიცინის სფეროს შესასწავლია. "ქართული აკადემია" ერთ ასეთ გამონათქვამად 5 მილიონი ტურისტის ჩამოყვანის შესახებ დაპირებას მიიჩნევს.

ძალიან გვაინტერესებს, როგორ აპირებს სააკაშვილი და მისი "პროგრესული" მთავრობა, დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას, ხუთი მილიონი ტურისტის მოზიდვას და მომსახურებას. ერთი ტურისტის სრულფასოვან მომსახურებას ოთხი ადამიანი სჭირდებაო, - აცხადებს თავად სააკაშვილი და, ნებით თუ უნებლიეთ, ამჟღავნებს ნაცხელისუფლების საბოლოო მიზანს, კერძოდ, ქართველებს არსებობის ძირითად ფორმად უცხოელთა მომსახურე ერის ფუნქცია განუსაზღვროს, რაზეც, სხვათა შორის"ქართული აკადემია" წერდა და აცხადებდა დღიდან დაარსებისა.

რამდენადაც საქართველოს წელს, მთავრობის თქმით, ერთი მილიონი ტურისტი სწვევია, ამ რაოდენობის სტუმარს დიდი გაჭირვებით, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მაინც აუვიდა. მაგრამ რა ვუყოთ სააკაშვილის ზღვარდაუდებელი ფანტაზიის მორიგ ნაყოფს - მალე ტურისტთა რაოდენობა 5 მილიონს მიაღწევსო? საიდან უნდა გაჩნდეს საქართველოში მათი მომსახურებისთვის საჭირო 20 მილიონი ადამიანი? დაველოდოთ, რა გზებსა და საშუალებებს შემოგვთავაზებს სააკაშვილი ამ დემოგრაფიული რებუსის ამოსახსნელად”, - ნათქვამია "ქართული აკადემიის" განცხადებაში.

აკადემია პრეზიდენტის უკიდურესი ცინიზმის გამოვლინებად მიიჩნევს მოშიმშილე ვეტერანების მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, “რომელთაც პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომართა მემორიალთან საცვლების გამოფენა და მარადიულ ცეცხლთან ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება დააბრალა”.