უცხოეთი
კატალონიის პრეზიდენტი რეგიონზე პირდაპირი მმართველობის დაწესების გეგმას გმობს

      საქართველო, 23 ოქტომბერი. საქინფორმი. კატალონიის პრეზიდენტი რეგიონზე პირდაპირი მმართველობის დაწესების გეგმას გმობს და ოფიციალურ მადრიდს დემოკრატიაზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
კარლეს პუჩდემონის განცხადებით, საპასუხო ნაბიჯების განსახილველად ის პარლამენტის სესიას მოიწვევს.
კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედების შესახებ ესპანეთის პრემიერმინისტრმა გუშინ მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა. გეგმა, რომელიც ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს, კატალონიის ლიდერების გადაყენებას, ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და რეგიონული პარლამენტის უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს.
ეს ზომები კატალონიის საკანონმდებლო ორგანის სპიკერმა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ავტორიტარულ გადატრიალებას შეადარა.
ბარსელონაში დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა მორიგი აქციაც გაიმართა, რომელშიც ნახევარ მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

rustavi2.ge