საზოგადოება
ჰამიდ ქარზაი: „დღეს მე ავღანეთში აშშ-ის პოლიტიკის წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ის წარუმატებელია!“ (სამახსოვრო საქართველოს ხელისუფლებისთვის ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გაგზავნის წინ)

      საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ავღანეთის ექსპრეზიდენტ ჰამიდ ქარზაის გამოსვლიდან საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაი-2017“-ის XIV სესიის პლენარულ შემაჯამებელ სხდომაზე სოჭში, 2017 წლის 20 ოქტომბერს:
„დღეს მე ავღანეთში აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კრიტიკოსი ვარ იმიტომ კი არა, რომ დასავლეთს ვაკრიტიკებ, სინამდვილეში მე მრწამსით დემოკრატი ვარ, დასავლური განათლება მაქვს და მომწონს მათი კულტურა. მაგრამ მე მათი პოლიტიკის წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ის წარუმატებელია, და იმიტომ, რომ უამრავი პრობლემისკენ, ექსტრემიზმის, რადიკალიზმის და ტერორიზმის აღმავლობისკენ მივყავართ.
მე აშშ-ის პოლიტიკის წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ მისი დაკვირვების ქვეშ და ამ ზესახელმწიფოს მხრიდან ჩვენი საჰაერო სივრცის, ჩვენი სამხედროების სრული კონტროლის პირობებში ავღანეთში გაჩნდა ისლამური სახელმწიფო. როგორ გახდა ეს შესაძლებელი 14-15 წელიწადში მას შემდეგ, რაც აქ აშშ შემოვიდა თავისი რესურსებით და ფულით? რატომ აღარ არის ახლა ავღანეთში ადრინდელი საერთაშორისო თანამშრომლობა აშშ-სთან?
ამგვარად, როგორც ავღანეთის მოქალაქე მთელი ამ გლობალური თამაშის ცენტრში, მე ვთავაზობ ჩვენს მოკავშირე აშშ-ს შემდეგს. ჩვენ ყველა წარმატებული ვიქნებით, თუკი თქვენ
(ნატოს ქვეყნები - რედ.) გვეტყვით, რომ ჩაფლავდით, და ჩვენ გაგიგებთ, რუსეთი გაიგებს, ჩინეთი გაიგებს, ირანი, პაკისტანი - ყველა გაიგებს, ინდოეთიც გაიგებს - აქ ჩვენი ინდოელი მეგობარი გვესწრება. ჩვენ ჩავარდნის ყველა ნიშანს ვხედავთ, მაგრამ თუ თქვენ ამას არ აღიარებთ, ამგვარი თამაში არ დამთავრდება.
ბატონო პრეზიდენტო! ქალბატონებო და ბატონებო! ავღანეთში უსაშველო ტანჯვა-წამებაა, მარტო დღეს ჩვენი 50-მდე ჯარისკაცი დაიღუპა, გუშინ - 70, ბოლო ორ დღეში კი დაახლოებით 300 ადამიანი დავკარგეთ, რომლებიც ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ოჯახები ჰყავდათ. წინსვლის ერთადერთი გზა ასეთია - აშშ-მა ავღანეთში ჩვენს ხალხთან ურთიერთობის ახალი პირობების დაცვა უნდა დაიწყოს.
მეორე: აშშ-მა ავღანეთში ისევ უნდა იმუშაოს ჩვენს მეზობლებთან და მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოებთან - უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი - საკვანძო, გასაგები, გამჭვირვალე მიზნების მეშვეობით. ამის გათვალისწინებით საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს ყველა არსებული პრობლემის გადაწყვეტის ავღანურ მექანიზმს.
ვიმედოვნებ, რაკი აქ რუსეთის პრეზიდენტი იმყოფება და ჩვენ ბევრს მოველით ჩვენი მეგობრის, ისტორიული მოკავშირისა და მეზობლისაგან - რომ რუსეთი უფრო აქტიურად იმუშავებს აშშ-სთან და დასავლეთთან ავღანეთის საკითხზე, დახმარების ხელს გამოუწოდებს ავღანეთს იმისთვის, რომ არსებული პრობლემების გადაწყვეტის ჩვენი საკუთარი მექანიზმები შევქმნათ“.