სამართალი
თავდასხმა „ქართული ოცნების" შტაბზე მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში - სროლის შედეგად დაჭრილია 4 ადამიანი, მათ შორის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი და პარტიის მოქმედი დეპუტატი

      საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, 19 ოქტომბერს, დაახლოებით 23 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში დაახლოებით 10 გასროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა. მომხდარი თავდასხმის ადგილას ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. თუმცა. ადგილზე წუხელვე ჩავიდნენ საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მისი განცხადებით, გამოძიება ყველა ვერსიას ამუშავებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან" ჯეიხუნ ჩონდაროვია, ხოლო მეორე — მარნეულის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ასევე პარტია „ქართული ოცნებიდან", კიდევ ორი — მისი ოჯახის წევრი.
ყველა დაჭრილი მარნეულის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ორი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
„მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.
დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მომხდარიდან მალევე ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და მიმდინარე გამოძიების დეტალებს, ასევე, დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო“.