აქტუალური
"მთავრობასა და ბიზნესს შორის ნდობის აღდგენა აუცილებელია"

giorgi_pertaiaამის შესახებ გიორგი პერტაიამ  28 იანვარს ბიზნეს–ომბუდსმენის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული მიზანი მაშინ მიიღწევა, როცა ბიზნესმენი თავს დაცულად იგრძნობს.
"ბიზნეს-ომბუდსმენის დანიშვნის იდეა მთავრობის ახალი კურსის ნაწილია, რომლის მთავარ მიზანს, ისეთი პირობების შექმნა წარმოადგენს, რომელიც ბიზნესსა და მთავრობას შორის დამაკავშირებელი ხიდი იქნება. ბიზნესმენების უფლებების დაცვისა და მთავრობასა და კერძო სექტორს შორის კონტაქტის დასამყარებლად მაქსიმუმს გავაკეთებ", - განაცხადა პერტაიამ. “ახალი კოდექსი ახლა მიიღეს და დროთა განმავლობაში მასში გარკვეული ცვლილებები შევა. ბიზნესს სტაბილურობის განცდა ესაჭიროება. ჩვენი მიზანი კი არის საგადასახადო კოდექსის ბოლომდე დახვეწა”, - განაცხადა პერტაიამ.

ეს ყველაფერი ხელისუფლების ჩვეული დაპირებებია და, მთავრობის პრაქტიკიდან გამომდინარე, საზოგადოება მას არაერთგვაროვნად აფასებს. როგორც "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეკონომიკური კრიზისისა და მზარდი ინფლაციის პირობებში, მნიშვნელოვანია ბიზნეს–ომბუდსმენი იყოს სრულიად დამოუკიდებელი და მიუმხრობელი არბიტრი. პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ბიზნეს–ომბუდსმენი კი დამოუკიდებელი და ობიექტური ვერ იქნება. შესაბამისად, ბიზნესის ხელშეწყობას და სახელმწიფოს ზეწოლისგან გათავისუფლებას ვერ შეძლებს.

“ფაქტია, რომ ზეწოლას ბიზნესი სწორედ სამთავრობო სტრუქტურებისგან განიცდის და კონფლიქტი, პირველ რიგში, არსებობს სწორედ მთავრობასა და ბიზნესს შორის. ასეთ სიტუაციაში პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ბიზნესომბუდსმენი ვერც ერთ შეთხვევაში ვერ შეძლებს დაიცვას ბიზნესის ინტერესები და რეალურად ვერ შეცვლის ქვეყანაში ბიზნესის ტერორის, ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას. ,,ახალი მემარჯვენეები” მოვითხოვთ, საკანონმდებლო დონეზე უმოკლეს ვადაში შეიცვალოს ბიზნეს-ომბუდსმენის დანიშვნის წესი და მისი თანამდებობაზე დანიშვნა მოხდეს არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის წარდგენით, რომელიც, თავის მხრივ, კანდიდატურას სამოქალაქო საზოგადოების, თვით ბიზნესწრეების, არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების წარმომადგენელთა რეკომენდაციების საფუძველზე შეარჩევს”, - განაცხადა საგანელიძემ.