აქტუალური
საქართველო რეფორმების კუთხით არის ნამდვილად ლიდერი რეგიონში - პრემიერი კვირიკაშვილი

      საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ში საქართველოს ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის 11-15 ოქტომბრის  ვიზიტი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე შეაფასა.
საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისე სარეიტინგო კომპანიებისა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან.
მთავრობის მეთაურმა, კერძოდ, აღნიშნა, რომ ჯეი.პი. მორგანმა და დოიჩე ბანკმა გამოხატეს ინტერესი, საფონდო ინსტრუმენტების განვითარებისა და საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით საქართველოსთან ითანამშრომლონ“.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ საქართველოს საკრედიტო სუვერენული რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესების შესახებ და გამოეხმაურა ქართული დელეგაციის შეხვედრებს სამი ძირითადი სარეიტინგო სააგენტოს - Moody’s-ის, Fitch Ratings-ის და Standard&Poor’s-ის წარმომადგენლებთან. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, მათ მიეწოდოთ სრული ინფორმაცია, რათა საქართველოში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებებისა და პროცესების აღქმა ჰქონდეთ.