აქტუალური
მსოფლიო ბანკი მუშაობს საქართველოსთან თანამშრომლობის 5-წლიანი ჩარჩო-დოკუმენტის შექმნაზე - პრემიერი კვირიკაშვილი

      საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ში საქართველოს ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის 11-15 ოქტომბრის  ვიზიტს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე „ძალიან წარმატებული“ უწოდა.
საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისე სარეიტინგო კომპანიებისა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან.
„აღსანიშნავია, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის სირილ მიულერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების დადებითი ტემპი იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს და მსოფლიო ბანკი მუშაობს საქართველოსთან თანამშრომლობის 5-წლიანი ჩარჩო-დოკუმენტის შექმნაზე. ამ დოკუმენტის მთავარი მიმართულებები, რეგიონულ განვითარებასთან ერთად, იქნება განათლება და ინოვაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.