მოქმედი პურის ქარხნების ნაწილმა პურის ფასი გაზარდა, ნაწილი კი ამას უახლოეს ხანში აპირებს.
როგორც დარგის საწარმოთა ხელმძღვანელები აცხადებენ, პურის ფასი ჯერჯერობით შენარჩუნებულია, მაგრამ თებერვლიდან ეს ვერ მოხერხდება და პროდუქცია მინიმუმ 5 თეთრით გაძვირდება. ამის მიზეზი ფქვილის ღირებულების საგრძნობი ზრდაა.“თუკი ადრე ერთი ტომარა ფქვილი 47 ლარი ღირდა, ახლა უკვე 52 ლარად შემოგვაქვს. ჯერჯერობით ვიჭირვებთ და უწინდელ ფასებს ვინარჩუნებთ, მაგრამ თებერვლიდან პური 5 თეთრით გაძვირდება. წისქვილკომბინატები გვეუბნებიან, რომ პურის გაძვირება ამის შემდეგაც არის მოსალოდნელი”, - ამბობენ ისინი.
კომპანია “საპურეთში” აცხადებენ, რომ მათი პური 5 თეთრით უკვე გაძვირდა, რაც ფქვილის ღირებულების ზრდას მოჰყვა. პური გაძვირებულია № 4 პურის ქარხანაშიც. პურს უწინდელ ფასად ჯერჯერობით ლიტვურ საცხობში აცხობენ. თუმცა იქაც ვერ აკონკრეტებენ, როდემდე გახდება შესაძლებელი ძველი ფასის შენარჩუნება.
პურის გაძვირება ხორბლის საერთაშორისო ფასის ზრდას მოჰყვა. ეს კი, თავის მხრივ, ხორბლის ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში მარცვლეულის ცუდმა მოსავალმა განაპირობა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში პური კვლავ გაძვირდება. ასეთ პირობებში გაჭივრებული ხალხი, რომელიც ისედაც შიმშილობის პირასაა, ისევ მთავრობის დახმარების მოლოდინშია.
ეკონომისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთ სიტუაციაში გამოსავალი ხელისუფლების მხრიდან დოტაციის გამოყოფაშია, რადგან ის ვალდებულია, ნებისმიერ შემთხვევაში იზრუნოს თავისი ხალხის შიმშილისგან დახსნაზე.