უცხოეთი
ჯორჯ სოროსმა ფონდ "ღია საზოგადოებას" საკუთარი კაპიტალის 80% გადასცა

      საქართველო, 19 ოქტომბერი. საქინფორმი. ამერიკელმა მილიარდერმა და ქველმოქმედმა ჯორჯ სოროსმა საკუთარი კაპიტალის 80% (18 მილიარდი დოლარი) ფონდ "ღია საზოგადოება"-ს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს ყველაზე დიდი შემოწირულებაა, რაც კი სოროსს ერთი კერძო ფონდისთვის მიუცია. გამოცემა ასევე წერს, რომ ეს ტრანსფერი სოროსმა რამდენიმე წლის წინ განახორციელა, თუმცა ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა.
"ფონდი ღია საზოგადოება" ჯორჯ სოროსმა 30 წლის წინ დააარსა. ფონდი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით 120 ქვეყანაში მუშაობს.
აშშ-ში სოროსი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი რესპუბლიკური პარტიის, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების მხრიდან. ამის მიზეზი კი უმთავრესად დემოკრატიული პარტიისა და ჰილარი კლინტონისთვის შეწირული თანხები იყო.
სექტემბრის დასაწყისში 80 ათასზე მეტმა ამერიკელმა სოროსის ტერორისტად გამოცხადებაც კი მოითხოვა.
ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ კამპანიები არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს. მაგალითად, 13 ივნისს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლს ამკაცრებს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება იმ ორგანიზაციებს, რომელთაც მხარს უჭერს ჯორჯ სოროსი. ამოქმედდა ასევე ახალი რეგულაცია უცხოური უნივერსიტეტების შესახებ, რითაც დახურვის საფრთხე შეექმნა სოროსის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს, რომელიც მან 1991 წელს ბუდაპეშტში დააარსა.
ფონდი "ღია საზოგადოება" საქართველოშიც მუშაობს.

imedinews.ge