სამართალი
ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლებიდან მიმართვიანობის 4 431 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე ბავშვი იყო!

      საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განუცხადა, რომელმაც სკოლებში ბავშვთა ძალადობისა და ჩაგვრის (ბულინგი) შესახებ ჩატარებულ კვლევაზე კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას ipn ავრცელებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულიდან 500-ზე მეტი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოშია გადაგზავნილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევებთან დაკავშირებით ბავშვებთან ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი მუშაობს.
"მასწავლებლებიც არიან იმ საზოგადოების წევრები, რომლებიც ნაკლებად იცნობენ ძალადობის ფორმებს. ძალიან ხშირად ისეთი ლექსიკა, რომელიც კვლევაშია გამოყენებული, მათთვის ჩვეულებრივი და ყოველდღიური სასაუბრო ლექსიკაა“, – დასძინა განათლების მინისტრის მოადგილემ.
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ წარმოდგენილი სპეციალური ანგარიშის მიხედვით, მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას.