პოლიტიკა
აბაშიძე კარასინს პასუხობს

      საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ უსაფუძვლო უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს არ სურს საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმების შესრულება.
„ჩვენ ყურადღება მივაქციეთ ამ განცხადებებს და მათ უსაფუძვლოდ მივიჩნევთ. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან ბოლომდე ვერ გაგებასთან, ანდა რუსული მხარის მცდელობასთან, ხსენებული შეთანხმების შესრულებას თავი აარიდოს. საქმე ის არის, რომ ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2016 წლის გაზაფხულზე დაასრულა მუშაობა კონტრაქტის ტექსტზე, რომელზეც შვეიცარიულ კომპანიასთან უნდა მოგვეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმირებული გვყავდა როგორც შვეიცარიული მხარე, რომელიც პროექტის რეალიზაციაში გვეხმარება, ისე მოსკოვი. შვეიცარიელებს ჩვენთან შეკითხვები არა აქვთ. აი, რუსული მხარე კი არ ადასტურებს ანალოგიურ კონტრაქტზე ხელმოწერის მზადყოფნას და მოტივად იმას ასახელებს, თითქოს თბილისი 2011 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის მზად არ არის“, - განაცხადა აბაშიძემ.
სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად ყველა ვალდებულების შესრულებისათვის მზადყოფნის შესახებ. „იმედი გვაქვს, ჩვენს მორიგ შეხვედრამდე რუსული მხარე საბოლოოდ ჩამოყალიბდება კონტრაქტების ხელმოწერის თარიღზე, რაც ამ პროექტს, ბოლოს და ბოლოს, მოსამზადებელი ეტაპიდან რეალიზაციის ეტაპზე გადაიყვანს“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ და დასძინა, რომ მისი მორიგი შეხვედრა კარასინთან პრაღაში, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებში შედგება.