საქართველო, 18 ოქტომბერი. საქინფორმი. კიევში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. რადასთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია. საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილის პარტიის "ახალ ძალთა მოძრაობის", მისი პარტნიორი ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერების ძირითადი მოთხოვნები ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმება და ახალი საარჩევნო კანონის მიღებაა.
აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილმა უკვე მიმართა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ დღის ბოლოს რადასთან შეკრებილებმა პოროშენკოსა და მთავრობის გადადგომაც მოითხოვონ.
„ბოლო 3-4 წლის განმავლობაში განხორციელდა მხოლოდ ერთი ცვლილება. ერთმა ადამიანმა მთელი სასამართლო ხელისუფლების უზურპირება მოახდინა და სწორედ ამიტომ, უკრაინელებისთვის სამართლიანობა არ არსებობს. ამავე ადამიანმა უმაღლესი რადას უზურპაცია მოახდინა. უკრაინაში აღარ არსებობს პოლიტიკური პროცესი, უკრაინაში მხოლოდ სიცრუეა, სათითეებით თამაში და ერთი ადამიანის ნება, რომელსაც უმაღლესი რადა, როგორც ლეღვის ფოთოლი, საკუთარი ქმედებების დასამალად სჭირდება. ვიდრე არის პოროშენკო, არ იქნება პროგრესი, არ იქნება ბრძოლა კორუფციასთან, იქნება მხოლოდ სიღარიბე, დამცირება და ახალგაზრდების ემიგრაცია და ფულის მიტაცება, მათ შორის თანხების, რომლებიც ომისთვისაა გამოყოფილი. ვიდრე არის პოროშენკო, კარგი არაფერი მოხდება და უკრაინის პრესტიჟი დაეცემა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, უკრაინაში კიდევ ერთი მაიდანი დაიწყოს.
rustavi2.ge