საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის ოფიციალური ცერემონია 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში შედგება.
უკვე ცნობილია, რომ ღონისძიებას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება. თურქეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის აჰმეტ არსლანის განმარტებით, სატესტო სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა.
„ბაქო-თბილისი-ყარსი ახალ პერსპექტივას გააჩენს თურქეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა. არსლანის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნაში აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების გარდა მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენლებიც მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად არის აღიარებული.