საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. თვითმმართველობაში არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადება 14 ოპოზიციური პარტიის ლიდერთა საბჭომ გააკეთა. საბჭოს წევრებმა საარჩევნო პერიოდში მედიაში ოპოზიციური პარტიების საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვეს.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, არაერთმა მერობის თუ მაჟორიტარობის კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, თუმცა, ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, რაც ბურჯანაძეს ეჭვს უჩენს. „ჩვენი ამოცანა, ლიდერთა საბჭოს შეკრების არის ის, რომ ჩვენ ყველანაირად ხელი შევუშალოთ ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ აბსოლუტურად შეგნებულად მიდის პროცესი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველგან პირველ ტურში გაიმარჯვოს, ხოლო მეორე ადგილზე გაიყვანონ ხელოვნურად ბოკერიას პარტია, რაც წარმოუდგენელ გაყალბებებთან უნდა იყოს, ალბათ, დაკავშირებული“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლებამ თვითონ შექმნა წინასარევოლუციო განწყობა. „ჩვენი უმთავრესი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ რეჟიმმა არჩევნების გაყალბების მცდელობის შემთხვევაში მიიღოს გაერთიანებული ეროვნული მუშტი, პოლიტიკურად“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.