საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ჩუღურეთისა და თემქის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა.
„ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანები დასაქმდნენ, თვითრეალიზება შეძლონ და ქალაქში სოციალურად დაუცველების რიცხვი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესაბამისად შემცირდეს. ამჟამად, „ქართუ ჯგუფის“ ინვესტიციის ფარგლებში, პანორამას, გალერეას, თაბორის მთის პროექტებზე დაახლოებით 15 000 ადამიანია დასაქმებული, პროექტების დასრულების შემდეგ კი 2000-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
„ჩვენთვის ისტორიული უბნები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქალაქის იერსახე და სიმდიდრეა. პირობას გაძლევთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე, ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძველი თბილისის რეაბილიტაცია - ძველ უბნებში ახალი სიცოცხლე შემოდის. ამიტომაც, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ძველ თბილისში მასშტაბური პროექტები განხორციელდება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.