აქტუალური
კონგოში დატყვევებული სამხედრო მფრინავის ძმა გიორგი ოსორაული სახელმწიფოს უნდობლობას უცხადებს და შეიარაღებულ ძალებს პროტესტის ნიშნად ტოვებს

      საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. გიორგი ოსორაული  თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები სამი თვის განმავლობაში ჰპირდებოდნენ, რომ მის ძმას ტყვეობიდან გამოიხსნიდნენ. თუმცა, ბოლოს აღმოაჩინა, რომ ჩინოვნიკებს მხოლოდ დრო გაჰყავდათ. ნდობის ბოლო ძაფი ოსორაულების ოჯახსა და სახელმწიფოს შორის მაშინ გაწყდა, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონგოში დატყვევებული ქართველი პილოტი მაისის ბოლოს მოკლულად გამოაცხადა, მტკიცებულება კი ოჯახს მხოლოდ 4 თვის შემდეგ აჩვენა.
გიორგი ოსორაულმა "კურიერს" ერთ-ერთი ბოლო მიმოწერა მიაწოდა, სადაც აფრიკაში მყოფი კიდევ ერთი ქართველი პილოტი კონგოელ სამხედროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ იოსებ ოსორაული ცოცხალია. ამ წერილის მიღების შემდეგ გიორგი ოსორაული თავდაცვის მინისტრს შეხვდა, რომელმაც სთხოვა, რომ საპროტესტო აქციები არ მოეწყო. თავდაცვის მინისტრი აქციასთან დაკავშირებულ თხოვნას კატეგორიულად უარყოფს, თადარიგის ოფიცერს კი დაფიქრებას და შეიარაღებულ ძალებში დაბრუნებას ურჩევს.
გიორგი ოსორაული ძმის ძებნას საკუთარი ძალებით აგრძელებს. მან პირობა დადო, რომ იოსებ ოსორაულს ცოცხალს ან მკვდარს საქართველოში მაინც დააბრუნებს.