აქტუალური
შორენა თეთრუაშვილი, ეკა ბესელია, ირმა ჭკადუა და ნანა კაკაბაძე გარკვეული თანხის სანაცვლოდ საპატრიარქოში შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობდნენ - სოსო ოხანაშვილი

      საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი ე.წ. ციანიდის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში პატიმართა შეწყალების საქმეებში ილია მეორის მდივან-რეფერენტის გავლენის შესახებ საუბრობს. ჩანაწერში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, სოსო ოხანაშვილი ლაპარაკობს იმაზე, რომ კონკრეტული პირები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საპატრიარქოში შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობდნენ. ის სქემის სათავეში შორენა თეთრუაშვილს ასახელებს. ოხანაშვილი ამავე ჩვენებაში ეკა ბესელიას, ირმა ჭკადუას და ნანა კაკაბაძეს ახსენებს.
საპატრიარქოში შექმნილი შეწყალების კომისიის ზუსტი ფუნქციები უცნობია შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელის ზვიად ქორიძისთვის. სასამართლოს სხდომების ოქმებიდან ირკვევა, რომ ილია მეორის მდივან-რეფერენტი ხელს საპატრიარქოს იმ დოკუმენტებზე აწერს, რაც მის უფლებამოსილებას სცილდება.
„კურიერმა“ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმიდან ორი დოკუმენტი მოიპოვა. ხელმომწერი ორივე შემთხვევაში მიქაელ ბოტკოველია, თუმცა ერთ დოკუმენტს ბოტკოველის ნაცვლად ხელს თეთრუაშვილი აწერს, რისი უფლებაც მას არ აქვს. სასამართლოს სხდომაზე პატრიარქის მდივან-რეფერენტმა ხელმოწერის ნამდვილობა აღიარა.