საქართველო, 16 ოქტომბერი. საქინფორმი. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ტელეკომპანია Press TV-ს ეთერში, ამერიკელი ლიდერის დონალდ ტრამპის გამოსვლა გააკრიტიკა.
"ტრამპის სიტყვები ირანის შესახებ მხოლოდ შეურაცხყოფა და დიდი სისულელე იყო", - განაცხადა როუჰანიმ.
გარდა ამისა, ირანის პრეზიდენტმა ტრამპს ისტორიისა და გეოგრაფიის უფრო ღრმა შესწავლა ურჩია, "რათა კარგად ესმოდეს საერთაშორისო ვალდებულებები, გლობალური ეთიკა და კონვენციები".
"მან უკეთესად უნდა შეისწავლოს ისტორია და გაიგოს, ამდენი ხნის მანძლზე, რას უკეთებდნენ ამერიკელები ირანელებს და როგორ ექცეოდნენ მათ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ",- განაცხადა ირანელმა ლიდერმა.
დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებთან ითანამშრომლებს, რათა თეირანის წინააღდეგ ახალი სანქციები დაწესდეს და"ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია დასტაბილურდეს". ამერიკელმა ლიდერმა ირანის ხელისუფლება ტერორისტების დამფინანსებლად მოიხსენია და მათი მმართველობის სისტემა დიქტატურის რეჟიმად.
პრეზიდენტის მიერ, კონგრესში ანტიირანული სანქციების შესახებ შეტანილი პროექტის გასაანალიზებლად სენატს 60 დღე აქვს. თუ მას მიიღებენ, ვაშინგტონი ფაქტობრივად დაარღვევს ირანის ბირვულ შეთანხმებას და შესაბამისად მას დატოვებს.
ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა. მხოლოდ ტრამპი აცხადებდა, რომ გარიგებიდან გასვლას გეგმავს. გარიგების ყველა სხვა მონაწილე შეთანხმებაში რჩება.
imedinews.ge