უცხოეთი
ტრამპი ირანთან ბირთვულ შეთანხმებას გადახედავს

      საქართველო, 16 ოქტომბერი. საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების დოკუმენტს გადახედავს. მისი თქმით, ირანი არ ასრულებს გარიგების მოთხოვნებს, რის შესახებაც ის კონგრესს აცნობებს.
გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებთან ითანამშრომლებს, რათა თეირანის წინააღდეგ ახალი სანქციები დაწესდეს და"ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია დასტაბილურდეს".
პრეზიდენტის მიერ, კონგრესში ანტიირანული სანქციების შესახებ შეტანილი პროექტის გასაანალიზებლად სენატს 60 დღე აქვს. თუ მას მიიღებენ, ვაშინგტონი ფაქტობრივად დაარღვევს ირანის ბირვულ შეთანხმებას და შესაბამისად მას დატოვებს.
ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა. მხოლოდ ტრამპი აცხადებდა, რომ გარიგებიდან გასვლას გეგმავს. გარიგების ყველა სხვა მონაწილე შეთანხმებაში რჩება.

imedinews.ge