აქტუალური
წმინდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან

      საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს სინოდის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ სინოდმა 4 საკითხი განიხილა. აქედან მთავარი საქართველოს პატრიარქის 40-წლიანი მოღვაწეობის შეჯამება იყო. პატრიარქმა მღვდელმთავრებს ამ თემაზე წიგნის გამოცემა დაავალა. მამა გიორგი მამალაძის საქმე კი სინოდმა ბოლო საკითხად განიხილა, თუმცა ყველაზე მეტი გამომსვლელი სხდომაზე სწორედ ციანიდის საქმეზე იყო, მათ შორის მთავარი მომხსენებელი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე და ქორეპისკოპსი იაკობი.
"
მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ სამოქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით მიუსაჯა, დღეისთვის განაჩენი სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ასევე იმის გამო, რომ ამ საკითხის გარშემო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, გამოითქმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები. მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმინდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის მიმართ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა.
სააპელაციო საკასაციო პროცედურების დასრულების შემდგომ წმინდა სინოდი საეკლესიო კანონების ხედვით, საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც ეკლესიაში საბოლოო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.