საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია და ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" "პატრიოტთა ალიანსს" კრემლიდან დაფინანსების მიღებაში, ივანიშვილთან გარიგებასა და ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ. საპასუხოდ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ლეიბორისტების ლიდერს შალიკო ნათელაშვილს ანალოგიურ ბრალდებას უყენებს. მას ასევე უკვირს, რატომ გახდა კიდევ ერთი პრორუსული ძალის წარმომადგენლის, ნინო ბურჯანაძის თავდასხმების ობიექტი. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა რესპუბლიკელებიც გააკრიტიკა და პარტია ქვეყნის დაშლაში დაადანაშაულა.
ოპოზიციური ძალების კრიტიკის მიუხედავად, თარხან-მოურავი მოსკოვში მაინც მიდის. "პატრიოტთა ალიანსის" დელეგაცია მოსკოვში ახალ წლამდე კიდევ ჩავა. "ჩვენ ვუთხარით მოსკოვში, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ნატოსკენ არ შეიცვლება და ამიტომ თავიდანვე არ განიხილება. სამაგიეროდ, ჩვენ შევთავაზეთ სამმხრივი ფორმატი "საქართველო-ნატო-რუსეთი", რომლითაც ისინი დაინტერესდნენ, უბრალოდ, გვითხრეს, რომ ის ჯერ ძალიან ნედლია...
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ 3-მილიონიანი საქართველო 150-მილიონიან რუსეთს ძალით ვერ მოუგებს, ამიტომ საჭიროა მოლაპარაკებები, მათ შორის - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, სადაც ჩასვლას ვაპირებ. მაგრამ ვისაც არ მოსწონს ჩვენი პროექტი "საქართველო-ნატო-რუსეთი", თავისი შესთავაზოს. კი ბატონო, მათი სხვა წინადადება განვიხილოთ! მაგრამ საქმე ისაა, რომ მთელი ეს წლები არავის არაფერი შეუთავაზებია რუსეთთან მიმართებაში, ხოლო პოზიცია "არ დაველაპარაკები" არ არის სწორი, ესე დიდი პოლიტიკა არ კეთდება!", - განაცხადა თარხან-მოურავმა პრესკონფერენციაზე.