პოლიტიკა
ასე საქმე ვერ მოგვარდება… მოვუწოდებთ თბილისს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები! - გრიგორი კარასინი

      საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ამტკიცებს, რომ საქართველოს არ სურს საზღვარზე საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის შესახებ შეთანხმების თავისი ვალდებულებების შესრულება.
"ზურაბ აბაშიძესთან ივლისში ჩემმა საუბარმა ნამდვილად ჩამისახა გარკვეული ოპტიმიზმი. გაჩნდა შეგრძნება, რომ საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, წაიკითხეს რუსეთთან 2011 წლის შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის შესახებ და გაიაზრეს ის, რაც ცხადია: ის ორივე მხარეს აკისრებს ვალდებულებებს", - განაცხადა კარასინმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში.
ამ თემაზე წაიკითხეთ: ტყუილი და სიმართლე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების “მონიტორინგის” შესახებ - საქინფორმი
"შეგახსენებთ, რომ დოკუმენტი ავალდებულებს რუსეთსა და საქართველოს (თითოეულს თავის ტერიტორიაზე) – გამოიყენონ სავაჭრო ნაკადის საბაჟო ადმინისტრირების სპეციალური წესი შვეიცარიული მონიტორინგის კომპანიის მონაწილეობით.
სამწუხაროდ, მალე გამოირკვა, რომ თბილისის პოზიცია სულ არ შეცვლილა. იქ კვლავ სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, ხოლო საკუთარ ვალდებულებებზე არაფრის გაგონება არ სურთ. ასე საქმე ვერ მოგვარდება… მოვუწოდებთ თბილისს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები", — აღნიშნა კარასინმა.
ორმხრივ შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ საქართველომ და რუსეთმა ხელი 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში მოაწერეს. მხარეები შეთანხმდნენ მექანიზმის შექმნაზე, რომელიც საერთაშორისო მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემისგან შედგება.
ამასთან ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაასრულა შეთანხმების შესასრულებლად აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები და რუსული მხარისგან ანალოგიურ მზადყოფნას ელოდება. ამისთვის ორივე მხარემ უნდა გააფორმოს შეთანხმება ნეიტრალურ კომპანიასთან. ამ შემთხვევაში საუბარია შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე.