საზოგადოება
საქართველო შვეიცარიულ მხარესთან არის პირნათელი, შემხვედრი ნაბიჯები საჭიროა სწორედ რუსეთის მხრიდან! - ქეთევან ციხელაშვილი

      საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ასეთი კომენტარი გააკეთა გრიგორი კარასინის განცხადებაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა. "ჩემთვის გაუგებარია ამ შინაარსის განცხადების კონტექსტი. ცალსახად ვადასტურებ, რომ ქართულ მხარეს ვალდებულებები აქვს შესრულებული და პროცესის დაჩქარებისთვის საჭიროა რუსული მხარის შემხვედრი ნაბიჯები გაფორმებული მემორანდუმის შეთანხმების ფარგლებში და იმ პირობების დაცვით, რომელიც მხარეებს შორის 2011 წელს გაფორმდა", - აღნიშნა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ლაპარაკია იმაზე, რატომ არ სრულდება შეთანხმება, მაშინ პასუხი არის ცალსახა - ქართულ მხარეს შესრულებული აქვს ყველა ვალდებულება, რომელიც უნდა შეესრულებინა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი "საქართველოს მოუწოდებს, შეასრულოს 2011 წლის შეთანხმება ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ",- ამის შესახებ კარასინმა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.