საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა და ყურადღება მინისტერიალის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„21-ე საუკუნის დასაწყისი ძლიერი გეოპოლიტიკური რყევებით გამოირჩევა, რაც მთელ მსოფლიოში გამოვლინდა კონვენციური და არაკონვენციური გამოწვევების სახით. ეს გამოწვევები პირდაპირ გავლენას ახდენენ ჩვენზე - შავი ზღვისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, გავაღრმავოთ რეგიონული თანამშრომლობა და გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის შემდეგ მონაწილეებს SEDM-ის თავმჯდომარემ, მისმა აღმატებულება ელეფტერიოს ანგელოპულოსმა მიმართა.
მინისტერიალის მიზანია რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია.
საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. ოფიციალურმა თბილისმა მინისტერიალის დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა.