უცხოეთი
რუსეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონს დიპლომატიური მისია კიდევ 150 თანამშრომლით შეამცირებინოს

      საქართველო, 12 ოქტომბერი. საქინფორმი. რუსეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონს დიპლომატიური მისია კიდევ 150 თანამშრომლით შეამცირებინოს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გეორგი ბორისენკომ განაცხადა.
ამგვარად, რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების რაოდენობა შესაძლოა, 300 ადამიანამდე შემცირდეს. ამჟამად რუსეთში აშშ-ს დიპლომატიური მისიაში 455 ადამიანი მსახურობს.
„დიპლომატიაში არსებობს საპასუხო ქმედებების ურღვევი პრინციპი და ამერიკელებმა ამის შესახებ შესანიშნავად იციან. თუ ისინი ამგვარად მოიქცნენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი ეთანხმებიან იმას, რომ ჩვენ რუსეთში მათ საზღვარგარეთულ დაწესებულებებს შესაძლოა, ანალოგიურად მოვექცეთ. რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს, მათ განვიხილავთ და საჭიროების შემთხვევაში, ავამოქმედებთ“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
ამასთან, შეკითხვაზე, მზად არის თუ არა მოსკოვი რუსეთში აშშ-ის ერთი საკონსულო დახუროს, ბორისენკომ განაცხადა, რომ არც ერთი ვარიანტი არაა გამორიცხული.
აგვისტოს ბოლოს აშშ-ს ხელისუფლებამ რუსეთისგან სან-ფრანცისკოს გენერალური საკონსულოს, ასევე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობების დახურვა მოითხოვა. შესაბამის ზომებს ვაშინგტონმა რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომლების რაოდენობის შემცირების პასუხად მიმართა. მოსკოვმა ამერიკული მისიის შეკვეცა მას შემდეგ მოითხოვა, რაც კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონი დაამტკიცა. დონალდ ტრამპმა დოკუმენტს 2 აგვისტოს მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, 2016 წლის 29 დეკემბერს ბარაკ ობამამ, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, ხელი მოაწერა განკარგულებას ახალი ანტირუსული სანქციების დაწესების შესახებ, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის შესაძლო ჩარევას უკავშირდებოდა. იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 35 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

1tv.ge