უცხოეთი
პუჩდემონმა კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა

      საქართველო, 11 ოქტომბერი. საქინფორმი. კატალონიის მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა, მისმა მოადგილემ ორიოლ ჟუნკერასმა და ასევე პარლამენტის სპიკერმა კარმე ფორკადელმა კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი წერს.
ამ დროისთვის დოკუმენტს ის დეპუტატები აწერენ ხელს, რომლებმაც მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირეს. ასეთებს კი პარლამენტში 72 ხმა, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა გააჩნიათ.
ცოტა ხნით ადრე კი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პუჩდემონმა დამოუკიდებლობის გამოცხადების გადავადება ითხოვა, რათა ოფიციალურ მადრიდთან დიალოგის საშუალება მისცემოდა.
1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.
2 ოქტომბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ ესპანეთში მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას აქვს. შესაბამისად, კატალონია, როგორც ავტონომიური ერთეული, ცალმხრივად რეფერენდუმს, კანონის ფარგლებში, ვერ ჩაატარებს.
კატალონიის ხელისუფლების განცხადებით, რეფერენდუმს მხარი ამომრჩეველთა 90,09%-მა დაუჭირა.

imedinews.ge