პუბლიკაციები
მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი

      საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა და  სამინისტროში მიმდინარე ტექნოლოგიურ რეფორმებზე ისაუბრა.
თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების ფონზე, შს სამინისტრო მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ინოვაციური პროექტების დანერგვა და ტექნოლოგიური რეფორმა, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ჩვენი პოლიციის ტექნოლოგიური რეფორმა ახალ ფაზაში გადადის,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში ჟურნალისტებს პრაქტიკულად უჩვენეს თუ როგორ ხდება, უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით, სამართალდარღვევების მონიტორინგი, მათი ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება და ვიდეოჯარიმის გამოწერა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2017 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება. შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება. დამრღვევი მძღოლი კი შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:
შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
სიჩქარის გადაჭარბება;
მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.
ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით:
• საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
• თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
• ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
• საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;
• საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
• ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;
• ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა იზრდება 1 წლამდე.
• მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით; აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.